რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი

Reuters: ბოლო თვეებში ხმელთაშუა ზღვაში რუსულ პორტებში გავლილ 3 ტანკერზე აფეთქება მოხდა

ivg.it

გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში ნავთობის გადამზიდ ტანკერზე აფეთქების სამი სხვადასხვა შემთხვევა მოხდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, გემების მონიტორინგისა და წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამივე გემი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე რუსულ პორტში იყო ნამყოფი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ათწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევებია, როდესაც ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში არასამხედრო გემები აფეთქების შედეგად დაზიანდა. 

Reuters-თან საუბრისას სამმა წყარომ თქვა, რომ ამ თვეში ლიბიაში ლიბერიის დროშის მცურავი ტანკერი, Grace Ferrum დაზიანდა. ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ გემს გადარჩენის ოპერაცია დასჭირდებოდა.

ამასთან, გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იანვრის ბოლოს თურქეთში, ქალაქ ჯეიჰანის პორტთან აფეთქების შედეგად სხვა გემი, ნავთობის გადამზიდი ტანკერი, Seacharm დაზიანდა. 

გარდა ამისა, Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიაში, ვადო ლიგურეს პორტში ნავთობის გადამზიდ ტანკერზე, Seajewel-ზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გემის კორპუსი წყალხაზის ქვემოთ დაზიანდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მეორე აფეთქება 20 წუთით გვიან მოხდა და დამატებითი დაზიანება არ გამოუწვევია. 

სავონას პროვინციის პროკურატურამ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. 

გამოცემა Українська правда-ს გამოძიების მიხედვით, ეს ტანკერი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდა და რუსეთიდან ევროპაში სანქციებისთვის თავის არიდებით ნავთობი გადაჰქონდა. 

იტალიური გამოცემა IVG აღნიშნავს, რომ დაზიანებული კორპუსი ჩაზნექილია, რაც, სავარაუდოდ, გემზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამაგრებაზე მიუთითებს

მანამდე, 24 დეკემბერს რუსული სატვირთო გემი Ursa Major ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთის ქალაქ აგილასსა და ალჟირის ორანს შორის, ბორტზე აფეთქების შედეგად ჩაიძირა. 

მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს, ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.

მოგვიანებით, Ursa Major-ის მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ ხომალდის ჩაძირვის მიზეზი ტერაქტი გახდა.

ოფიციალური ინფორმაციით, Ursa Major რუსული სანქტ-პეტერბურგიდან ვლადივოსტოკისკენ მიემგზავრებოდა. გემი 11 დეკემბერს გამოვიდა პორტიდან  და დანიშნულების ადგილას 22 იანვარს უნდა მისულიყო. გემის კაპიტნის თქმით, ინციდენტის დროს გემი ცარიელი კონტეინერებით იყო დატვირთული.

თუმცა, რუსული გამოცემა Mediazona, რომელიც OSINT ანალიტიკოსებს ეყრდნობა, წერს, რომ ხმელთაშუა ზღვაში ბოლო დროს ხუთი რუსული სატვირთო გემი შევიდა, მათ შორის, სამი დიდი სამხედრო სადესანტო გემი და ორი სატვირთო გემი, რომლებიც კომპანია Oboronlogistika-ს ეკუთვნის.

როგორც Ursa Major, ასევე Sparta დიდი ხნის განმავლობაში სირიაში რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.

ანალიტიკოსების აზრით, ხუთივე გემის მიზანი ტარტუსსა და ჰმეიმიმის რუსული სამხედრო ბაზების ევაკუაციაა.

კომენტარები