იტალიის ქალაქ სავონაში ნავთობის გადამზიდ ტანკერზე, Seajewel-ზე, ორი აფეთქება მოხდა. გამოცემა Українська правда-ს გამოძიების მიხედვით, ეს ტანკერი რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდა და რუსეთიდან ევროპაში სანქციებისთვის თავის არიდებით ნავთობი გადაჰქონდა.
სავონის სანაპირო დაცვა ამჟამად გამოძიებას ატარებს, თუმცა ინფორმაციას არ ასაჯაროებს. იტალიური გამოცემის, IVG-ს გავრცელებული ცნობებით, აფეთქებების მიზეზი უცნობია, თუმცა გემის ეკიპაჟი ამბობს, რომ ორი დიდი დარტყმის ხმა გაიგეს.
იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ დაზიანებული კორპუსი ჩაზნექილია, რაც, სავარაუდოდ, გემზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამაგრებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, IVG-ს თანახმად, ასაფეთქებელზე ისიც მიუთითებს, რომ აფეთქება გემის წყალხაზის ქვემოთ მოხდა და მის შედეგად თევზები მოკვდა.
მანამდე, გამოცემა Українська правда-მ გამოძიება ჩაატარა, რომლის მიხედვით, ტანკერი Seajewel რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნებოდა და რუსული ნავთობი გადაჰქონდა. 2024 წელს გემი რუსეთში სამჯერ დაიტვირთა და ყოველი დაცლის შემდგომ უკან ბრუნდებოდა.
გამოცემის ცნობებით, ტანკერი ბოლოს რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტში დაცლის დროს იყო შემჩნეული, სადაც თურქეთიდან, ჯეიხანის პორტიდან მივიდა.





