აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 თებერვალს მკვეთრად გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ფაქტობრივად უკრაინას ომის დაწყებაში დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის დელეგაციები უკრაინაში ომის დასამთავრებლად მოლაპარაკებებისთვის ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდნენ.
მოგვიანებით, ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.
ტრამპის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი:
სამხრეთ კაროლინის სენატორი, ლინდსი გრემი წერს, რომ უკრაინაში დაწყებულ ომში ცალსახად პასუხისმგებელია პუტინი, თუმცა, ამატებს, რომ ამ ომის ღირსეულად და მშვიდობიანად დასრულების საუკეთესო იმედი დონალდ ტრამპია.
"როდესაც საქმე ეხება უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ამაში პირველ რიგში პუტინის ვადანაშაულებ. თუ ამერიკელ პოლიტიკოსებში ეძებთ, ვის დააბრალოთ, ბაიდენი და ობამა ჩემი სიის დასაწყისში არიან. ისინი საცოდავად სუსტები იყვნენ პუტინთან გამკლავებაში და ვერ დაიცვეს უკრაინა [რუსეთის] შეჭრისგან. იმ დემოკრატების გასაგონად, ვისაც უკრაინა მას შემდეგ შეუყვარდა, რაც მას რუსეთი დაესხა თავს: სად იყავით პუტინის შეჭრამდე? რატომ არ გქონდათ ძლიერი პოზიციები მაშინ, როდესაც მე ამისკენ მოგიწოდებდით? დაბოლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის საუკეთესო იმედია ამ ომის ღირსეულად და სამართლიანად დასასრულებლად. მჯერა, რომ ის წარმატებული იქნება და ამ მიზანს ტრამპის გზით" – ამბობს გრემი.
მეინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი, სიუზან კოლინსის თქმით, ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზელენსკი რაიმე სახით დამნაშავეა.
"არ ვეთანხმები იმას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი რაიმე სახით დამნაშავეა, ეს იყო რუსეთის უკანონო შეჭრა" - მეინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი, სიუზან კოლინსი ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა, ხოლო მანამდე ფაქტობრივად ომის დაწყებაში დასდო ბრალი" – წერს სენატორი კოლინსი.
სენატში უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნმა მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "არ არსებობს კითხვები იმაზე, რომ რუსეთი აგრესორია"
ალასკის რესპუბლიკელი სენატორი, ლიზა მურკოვსკი ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს რაიმე გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი უკრაინაში.
"რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორად არასდროს მოვიხსენიებ. საკმაოდ ნათელია ვინ დაიწყო ომი. ეს ნამდვილად იყო რუსეთი, პუტინის მითითებით. არ მგონია, რომ ამის შესახებ რაიმე გაურკვევლობა უნდა არსებობდეს" - წერს სენატორი მურკოვსკი.
ლუიზიანას შტატის სენატორი, ჯონ კენედის თქმით, ის არ ეთანხმება თეთრი სახლის პოზიციას უკრაინის მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, თუმცა, აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მიზანია ისეთი შეთანხმების მიღწევა, რაც გააძლიერებს უკრაინას, დასავლეთს და დაასუსტებს რუსეთს.
"არ ვეთანხმები თეთრ სახლს იმ ნაწილში, რომ უკრაინამ დაიწყო ომი. ვფიქრობ, ომი ვლადიმირ პუტინმა დაიწყო. ყოველთვის ვიცოდით, რომ უკრაინასთან შეთანხმება მოგვიწევდა. ჩვენი საქმეა და ვფიქრობ, პრეზიდენტიც აქეთკენ მიდის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გააძლიერებს უკრაინას, გააძლიერებს ევროპას, გააძლიერებს ამერიკას და დასავლეთს და დაასუსტებს ვლადიმირ პუტინს" - წერს კენედი.





