ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის შეხვედრა ახალი შეთანხმებით დასრულდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, საუბარი ძირითადად ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტს შეეხო, შეხვედრის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის პარლამენტის მიერ შექმნილ წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებენ.

"პრეზიდენტმა მოგვახსენა, რა ხდებოდა მიუნხენში იმიტომ, რომ ის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლოს დასავლეთთან დალაგება, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს აუცილებლად იქნება ცვლილების ერთ-ერთი კომპონენტი. 

ასევე ვისაუბრეთ და შევთანმხდით იმაზე, რომ აი, ამ მოგონილ საგამოძიებო კომისიაში აქ მსხდომი პარტიებიდან არცერთი არ ითანამშრომლებს. [...]

ჩემი პოზიცია ეს იყო, რომ მნიშვნელოვანია კრიზისი გაგრძელდეს ქუჩაში - აქცია; მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს დასავლეთისგან იზოლაცია, ანუ სანქცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ეს პრეზიდენტის შეხვედრები ხელს უწყობს, არის ის, რომ გამოვაჩინოთ, ალტერნატივა სტატუს კვოზე ბევრად უკეთესია" - თქვა შეხვედრის შემდეგ ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, "ამ ბრძოლაში მხოლოდ მორალური სიცხადე, მკაფიო პოზიციები და ერთიანობა არის ის, რაც განსაზღვრავს ოპოზიციის წარმატებას". ფუნდამენტური საკითხები კი არის მთავარი მოთხოვნები: ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საგამოძიებო კომისიის სამუშაო პროცესში მონაწილეობის არ მიღება.

"შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში არცერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან.

იქ საუბარი იყო, ბუნებრივია, ახალი არჩევნების: საპარლამენტო, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.

ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ კომისიაში რუსულ კომისიაში მონაწილეობის არ მიღების არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან." - თქვა ბოკუჩავამ.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, სადაც მან მოგვაწოდა ინფორმაცია იმ შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართა მიუნხენში, მის შეხვედრებზე სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან; იმასთან დაკავშირებით, რომ მან მიაწოდა ევროპელებს, ამერიკელებს ის ინფორმაცია, თუ რა ხდება ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით ამ უღრმესი კრიზისიდან, სადაც შეგვიყვანა ქართულმა ოცნებამ, არის ახალი არჩევნები.

ამავდროულად, გუშინდელ თავდასხმას რაც შეეხება, მას სახეზე აღენიშნება მიყენებული ზიანი. ეს არის ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ქართული ოცნების აგონიაზე. ეს არის სწორედ აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქცევა, როდესაც ოპონენტებს ესხმის თავს ორგანიზებულად, როცა პოლიცია ამაზე თვალს ხუჭავს." - თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს, 19 თებერვალს ზურაბიშვილმა შეხვედრები ასევე გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ქართველ დიპლომატებთან.

კომენტარები