თანამედროვე ჰიპ ჰოპის ვარსკვლავების კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირება 10 თებერვალს გამართული სუპერ ბოულის შემდეგ ტაბლოიდების მთავარ გვერდებზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა, თუმცა, არტისტების ურთიერთობა გაცილებით ადრე იწყება.
კენდრიკისა და დრეიკის გზები პირველად 2011 წელს გადაიკვეთა, როდესაც არტისტებმა დრეიკის ტრეკზე Buried Alive Interlude (Take Care) იმუშავეს. მომდევნო წელს მუსიკოსებს შორის კიდევ ერთი კოლაბორაცია შედგა - Poetic Justice (good kid, m.A.A.d city). 2013 წელს კი შემსრულებლების ურთიერთობაში პირველი ბზარები გაჩნდა, ლამარმა Big Sean-ის კომპოზიციაში Control დრეიკი და სხვა რეპერები დაასახელა, რომელთა “გადასწრებასაც” მომდევნო წლებში გეგმავდა.
2015 წელს კი არტისტებმა ერთმანეთს უფრო მკვეთრი დარტყმები მიაყენეს. ლამარის პოპულარული ალბომის To Pimp a Butterfly ჰიტი King Kunta არაერთი კრიტიკოსის შეფასებით, დრეიკის მიერ ე.წ. გოუსთრაითერების გამოყენებაზე რეფერენსებს შეიცავს. ამავე წელს, დრეიკმა გამოუშვა ტრეკი If You’re Reading This It’s Too Late, სადაც ის ჰიპ ჰოპში ლამარის თვითგამოცხადებულ ლიდერობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამის შემდეგ კი წლების განმავლობაში არტისტებს დაპირისპირებაზე პირდაპირი მინიშნებები აღარ გაუვრცელებიათ, თუმცა, 2023 წელს მოვლენები მკვეთრად შეიცვალა.
2023 წლის ოქტომბერში, დრეიკმა დიდიხნის მეგობართან, მემფისელ არტისტთან, ჯეი ქოულთან ერთად კოლაბორაციული ნამუშევარი First Person Shooter გაავრცელა, სადაც ქოული საკუთარ თავს, დრეიკსა და კენდრიკს ჰიპ ჰოპის “დიდ სამეულად” მოიხსენიებს.
კენდრიკი ქოულის განაცხადს 2024 წლის მარტში გამოეხმაურა და Future-თან და Metro Boomin-თან ერთად ჩაწერილ ტრეკში Like That დიდი სამეულის არსებობა უარყო და მიანიშნა, რომ ჰიპ ჰოპის მწვერვალზე მარტო იმყოფება.
ამის შემდეგ დრეიკმა ორი საპასუხო ტრეკი გაავრცელა Push Ups და Taylor Made Freestyle, რომელშიც კანადელმა მუსიკოსმა ლეგენდარული თუფაქისა და სნუპ დოგის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ხმები გამოიყენა, რასაც მსმენელების კრიტიკა მოჰყვა.
არტისტების დაპირისპირებამ კიდევ უფრო მკვეთრი სახე 2024 წლის აპრილში მიიღო, როდესაც ლამარმა Euphoria გაავრცელა, რომელშიც კომპტონელმა რეპერმა დრეიკის ავტორიტეტზე, არტისტულ მხარეზე და პირად ცხოვრებაზე მიიტანა დარტყმები. დრეიკმა კი პასუხად კომპოზიციაში Family Matters ლამარის პირად ურთიერთობებზე ისაუბრა და წარსულ ურთიერთობაში უშვილობისკენ მიანიშნა.
კენდრიკმა კი Meet the Grahams-ს გაავრცელა, სადაც ის დრეიკის ოჯახზე და პირად ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ საუბრობდა. კრიტიკოსების შეფასებით, ეს რეპერების დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ნაბიჯი იყო.
ამის შემდეგ ლამარმა კიდევ დრეიკის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და ლირიკული შესაძლებლობები ჩანაწერში 6:16 in LA გაიმყარა.
ხმამაღალი განცხადებების შემდეგ კი კენდრიკმა დრეიკს კომპოზიციით Not Like Us საბოლოო დარტყმა მიაყენა, რომელიც ამ დაპირისპირებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.
ჩანაწერში სხვა ბრალდებებთან ერთად, კენდრიკ ლამარი დრეიკს არასრულწლოვნებთან ურთიერთობაში ადანაშაულებს და კანადელს რეპერსა და მისი გუნდის წევრებს “აღიარებულ პედოფილებს” უწოდებს.
ტრეკმა მალევე შეძლო სხვადასხვა ჩარტის სათავეში მოქცევა. პარალელურად, ტრეკმა Spotify-ზე ერთდროულად რამდენიმე სტრიმინგ რეკორდის მოხსნა შეძლო. წლის ბოლოს კი არაერთმა პოპულარულმა მუსიკალურმა გამოცემამ Not Like Us წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა.
2025 წლის იანვარში კი დრეიკმა ლამარის ლეიბლს Universal Music Group-ს ფედერალურ სასამართლოში უჩივლა. დრეიკის მტკიცებით, ლეიბლის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი დისკრედიტაციის მცდელობას, შევიწროებას და ნამუშევრის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით მსმენელის შეცდომაში შეყვანას - კერძოდ, მისთვის და მისი გუნდების წევრებისთვის პედოფილის წოდებას, რაც კანადელი რეპერის თქმით, “ერთმნიშვნელოვნად ცრუ ბრალდებაა”, რომელმაც გამოიწვია “ძალადობა და შეუჩერებელი სიძულვილი” მის მიმართ.
სასამართლოში ჩივილიდან ერთ თვეში კი კენდრიკ ლამარმა დრეიკთან დაპირისპირებაში გამარჯვება, სავარაუდოდ, საბოლოოდ გაიფორმა. ლამარის ჰიტმა გრემის პრესიტიჟულ დაჯილდოებაზე ერთბაშად ხუთ მნიშვნელოვან კატეგორიაში გამარჯვება მოახერხა. Not Like Us გამარჯვებულად დასახელდა წლის საუკეთესო ჩანაწერის, სიმღერის, რეპ პერფორმანსის, რეპ კომპოზიციისა და ვიდეოკლიპის კატეგორიებში.
გრემიზე ტრიუმფიდან 1 კვირაში კი ლამარს ყველაზე დიდი ტრიბუნა მიეცა, მუსიკოსმა Not Like Us სუპერ ბოულის შესვენების შოუზე შეასრულა. პერფორმანსში ლამართან ერთად არენბი შემსრულებელი SZA და ლეგენდარული ჩოგბურთელი, სერენა უილიამსიც მონაწილეობდნენ. უილიამსის ცეკვა დრეიკის დამცირების კიდევ ერთი ხერხი იყო, რადგან ჩოგბურთელი წარსულში კანადელი რეპერის შეყვარებული იყო.
რთული სათქმელია დასრულდა თუ არა ამით ორი სუპერვარსკვლავის დაპირისპირება, თუმცა, ფაქტია, რომ არტისტების კონფლიქტმა თანამედროვე ჰიპ ჰოპის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი დაწერა.




