ჰიპ-ჰოპი

სასამართლომ რეპერ XXXTENTACION-ის მკვლელობაში ბრალდებული 3 კაცი დამნაშავედ ცნო

The Quint

სასამართლომ რეპერ ჯანსეჰ დუეინ რიკარდო ონფროის, იგივე XXXTentacion-ის მკვლელობაში ბრალდებული სამი კაცი დამნაშავედ ცნო. თავდამსხმელები განზრახ მკვლელობისა და შეირაღებული ძარცვის მუხლებით გაასამართლეს, მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრება, განაჩენი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

2018 წელს, ფლორიდაში მაიკლ ბოუთრაითი, დედრიკ უილიამსი და ტრეივონ ნიუსომი რეპერს თავს დაესხნენ, მოკლეს და შემდეგ გაძარცვეს. ჰიპ-ჰოპ არტისტის მანქანიდან თავდამსხმელებმა ჩანთა წამოიღეს, რომელშიც $50 000 იყო.

ონფროი მოტოციკლეტების მაღაზიიდან Riva Motorsports მანქანით გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელებმა საკუთარი მანქანით გზა გადაუღობეს. ბოუთრაითი და უილიამსი მანქანიდან გადავიდნენ და მუსიკოსს ორივე მხრიდან იარაღი მიუშვირეს, ბოუთრაითმა ონფროის მიბრჯნით რამდენჯერმე ესროლა, თავდამსხმელებმა ჩანთა აიღეს და საკუთარი მანქანით მაღაზიის პარკინგი დატოვეს. ონფროი საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

თავდამსხმელების მანქანაში კიდევ ერთი კაცი, რობერტ ალენი იმყოფებოდა. ალენი ერთი წლის წინ დააკავეს, მკვლელების დაჭერა და დასჯა მისი ჩვენების საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

მაიკლ ბოუთრაითი, ტრეივონ ნიუსომი, დედრიკ უილიამსი

 

კომენტარები