რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინაში არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება

Miguel A. Lopes/EPA-EFE/Shutterstock

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოცემა Украинская правда-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში საარჩევნო სამზადისი დაიწყო. 

"უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაახლა მუშაობა ორწელიწადნახევრის უმოქმედობის შემდეგ". - განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, დაწყებულია ამომრჩეველთა რეესტრის აღდგენა. ეროვნული ერთიანობის სამინისტროს დაევალა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლების რეესტრის შექმნა.

"სახელმწიფო სტამბამ ხელისუფლებისგან მიიღო დავალება, გამოიანგარიშოს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის ღირებულება". - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინაში არჩევნებზე საუბარი "დამაზიანებელია" და აცხადებს, რომ მისი პარტია, "ევროპული სოლიდარობა" ამ ეტაპზე არ გეგმავს საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. 

16 თებერვალს,პოროშენკომ Censor.Net-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უკრაინაში არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

"ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა ვიყოთ გულწრფელები, საომარი მდგომარეობის გაუქმება ამ მომენტში სწორედ ის არის, რაც პუტინს სურს". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები