საქართველოს პარლამენტი

შემდეგ სხდომაზე ჭიაბერაშვილს, გაჩეჩილაძესა და მოგელაძეს დავიბარებთ – წულუკიანი

თეა წულუკიანის თქმით, 21 თებერვალს, წინა ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლევან გაჩეჩილაძესა და ნათია მოგელაძეს დაიბარებენ. წულუკიანი ამბობს, რომ სხდომის ძირითადი თემა 2003-2012 წლების პერიოდში საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2004 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. ნათია მოგელაძე აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ლევან გაჩეჩილაძე კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციური ერთობის საერთო კანდიდატი იყო. ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. 

"21 თებერვლის სხდომაზე მოსაწვევ პირთა შორის იქნებიან: ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ნათია მოგელაძე. ამასთან დაკავშირებით, ისინი დღეიდან ოფიციალურ შეტყობინებებს მიიღებენ. წამყვანი თემა 2003-2012 წლებში გამართული სხვადასხვა დონის არჩევნები იქნება, მაგრამ ამ პირებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათთან გასაუბრება მხოლოდ არჩევნებით შემოსაზღვრული არ იქნება და ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც ინფორმაცია გვექნება, რომ ეს ადამიანები ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ან სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში იყვნენ ჩართული, უფლება გვექნება, მათ კითხვები არჩევნების მიღმაც დავუსვათ.

მინდა, ეს პირები საჯაროდ გავაფრთხილო: ჩვენი კომისია მორიგი ფორმატი არაა, სადაც ადამიანები მხოლოდ სასაუბროდ იკრიბებიან". - თქვა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

კომისიის შემდეგი სხდომა 21 თებერვალს, 10:00 საათზე გაიმართება.

დღეს, 17 თებერვალს, ივანიშვილის პარლამენტში 2003-2012 წლებში ენმ-ისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, პროკურატურისა და ცესკოს წარმომადგენლებს მოუსმინეს.

ქართულმა ოცნებამ "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.

დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

 

კომენტარები