რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უოლცის თქმით, გონივრული იქნება, თუ ზელენსკი აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მოაწერს ხელს

ამერიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი
John Nacion/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინისთვის აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმების მიღწევა სარგებლის მომტანი და უსაფრთხოების საუკეთესო გზა იქნება:

"რაზეც ფინანსთა მინისტრი [სკოტ] ბესენტი ზელენსკის ესაუბრებოდა და შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდა სახელმწიფო მდივან რუბიოსთან და ვიცეპრეზიდენტთან, აშშ-სთან პარტნიორობის დამყარება იყო.

ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ეკონომიკის გაფართოებაზე და ვერ ვფიქრობ უკეთეს უსაფრთხოების გარანტიაზე, გარდა იმისა, რომ ამიერიდან თანაინვესტირებული იყო პრეზიდენტ ტრამპთან, ამერიკელ ხალხთან ერთად და რომ გქონდეს ეს ინვესტიციები, თავის მხრივ, დაცვის სახით.

ეს პირველი და მეორე: ამერიკელი ხალხი იმსახურებს, კომპენსირებული იყოს, იმსახურებენ ჰქონდეთ გარკვეული სახის ანაზღაურება იმ მილიარდობით თანხისთვის, რომელიც მათ ამ ომში ჩადეს და უფრო მეტიც, არ ვიცი, რა შეიძლება იყოს უკეთესი, რაც ამერიკელებს მომავალი ინვესტიციების მიმართ უფრო მეტად კომფორტულად განაწყობს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობაში ყოფნის შესაძლებლობა გვქონდეს". - თქვა მან.

უოლცის თქმით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საუკეთესო გზა იქნება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან გონივრული იქნება, თუ ამ შეთანხმებაში შევა შეერთებულ შტატებთან - მათი უსაფრთხოებისთვის უკეთესი გზა არ არსებობს". - დაამატა ტრამპის მრჩეველმა.

NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას შესთავაზა, რომ აშშ-ს მხრიდან 2022 წლიდან გაწეული სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინამ აშშ-ს იშვიათი წიაღისეულის რესურსების 50%-ის მფლობელობა გადასცეს და მიანიშნა მზადყოფნაზე, განალაგოს ამერიკული ჯარები დეპოზიტების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება შედგება.

რვა ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, 12 თებერვალს, კიევში აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ შედგენილი ხელშეკრულების მონახაზი წარუდგინა.

მათივე ცნობით, ზელენსკიმ ბესენტის წარდგენილი დოკუმენტის გაცნობისა და შესწავლისთვის დრო მოითხოვა, რათა შეთანხმებისთვის მიუნხენში მიეღწიათ.

14 თებერვალს ბესენტმა Fox Business Network-ზე თქვა, რომ ომის დამთავრებაზე ტრამპის ადმინისტრაციის გეგმით, აშშ-ს ეკონომიკა კიევისას გადაეჯაჭვებოდა, ხოლო აშშ პრივატიზაციის "საუკეთესო პრაქტიკას" შეიტანდა უკრაინაში.

თუმცა, გამოცემა Reuters-ის ცნობით, უკრაინამ 14 თებერვალს აშშ-ს მინერალების ორმხრივ შეთანხმებაზე დოკუმენტის საკუთარი ვერსია გადასცა მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ.

Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიუნხენში ამერიკელი სენატორების ორპარტიულ დელეგაციასთან 90-წუთიანი შეხვედრის დროს, ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა ტრამპის გუნდის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით.

ანონიმური წყაროს თქმით, ზელენსკის "ჰქონდა განცდა, რომ მას დაუსაბუთებლად სთხოვდნენ ხელის მოწერას ისეთ რამეზე, რისი წაკითხვის შანსიც კი არ ჰქონდა".

"ვფიქრობ, რომ მას არ მოეწონა, როცა არჩევანის გარეშე რაღაცის შეთავაზება სცადეს". - დაამატა მან.

წყაროს ცნობით, ზელენსკიმ აშშ-სთან მინერალების შეთანხმებაზე საკუთარი გეგმა განიხილა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინული კონსტიტუციის დაცვით იყო შედგენილი.

ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, ორმა წყარომ ბესენტის მიერ წარდგენილი წინადადება "ცალმხრივად" დაახასიათა, ხოლო დემოკრატმა სენატორმა ბრაიან შატსმა კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ზელენსკი აშშ-ს წინადადება ცალმხრივად, უპასუხა, რომ "ამის თქმა სამართლიანი იქნებოდა".

უკრაინის პრეზიდენტმა შეთანხმების მონახაზზე Reuters-თან ინტერვიუში წინა კვირას ისაუბრა და თქვა, რომ იგი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობას სთავაზობს აშშ-ს, რათა ერთად განავითარონ მინერალების დეპოზიტები, მათი "გაჩუქების" ნაცვლად.

კომენტარები