სამშვიდობო მოლაპარაკებები

ზელენსკის მრჩეველი: მიუნხენში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ

დმიტრი ლიტვინი და ვოლოდიმირ ზელენსკი
nv.ua

უკრაინა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრას არ აპირებს. ამის შესახებ ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა.

"უკრაინის პოზიცია უცვლელია. უკრაინამ ჯერ უნდა ილაპარაკოს ამერიკასთან. ევროპა უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილე. და მხოლოდ ერთობლივი, შეთანხმებული პოზიციის ქონის შემდეგ უნდა გაიმართოს საუბარი რუსებთან. ცარიელ მაგიდასთან რუსეთს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერი დევს. მიუნხენში რუსეთთან დიალოგი არ იგეგმება". – თქვა ლიტვინმა.

14 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მიუნხენში აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე ილაპარაკებენ.

"რუსეთი იქ იქნება ჩვენს ხალხთან ერთად. უკრაინაც დაპატიჟებულია". – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

კომენტარები