ე.წ კაბელების საქმე

საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

ე.წ. კაბელების საქმე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "ღლონტი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

"სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნების უფლებაა იყვნენ დეტალურად ინფორმირებულნი მათი ბრალდების ბუნებისა და საფუძვლების შესახებ და ჰქონდეთ ადეკვატური დრო და შესაბამისი პირობები დაცვის უფლების განხორციელებისათვის, დაირღვა. ამდენად, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტების დარღვევა. 

საიას ამ საქმეზე ჯერ კიდევ 2025 წელს მიაჩნდა, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაკავებული პირები უდანაშაულოები არიან და მათ მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, არამედ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია" - წერს საია.

ცნობისთვის, 2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

თავდაპირველად საქმეს გრიფი საიდუმლო ედო. ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. ისინი დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვდნენ, პროკურატურა კი მათ მასალების უწყების შენობაში გაცნობას სთავაზობდა. მოგვიანებით, საქმის მასალების დიდ ნაწილს საიდუმლო გრიფი მოეხსნა და ის მასალების 7%-ზე დარჩა. 

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციის სასამართლომ გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. ხუთივე მსჯავრდებული საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე შეიწყალა.

კომენტარები