ე.წ კაბელების საქმე

ე.წ კაბელების საქმის პროკურორს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა

ე.წ კაბელების საქმის მთავარ პროკურორს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.

ნინო აღლემაშვილს სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი "დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" 30 მაისს, პროკურორების დღეს გადასცა. 

ინფორმაცია ამის შესახებ პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ტაბულა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცადა იმის საკითხავად, თუ კონკრეტულად, რა დამსახურებისთვის მიიღო აღლემაშვილმა ღირსების ორდენი, თუმცა ადმინისტრაციაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. 


კაბელების საქმის ადვოკატი და თავისუფალი დემოკრატების ერთერთი ლიდერი ლევან სამუშია მიიჩნევს, რომ აღლემაშვილისთვის ამ ორდენის გადაცემა საზოგადოების დაცინვაა და რომ ახლა ისიც არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა ასეთივე ჯილდო მოსამართლე ლევან მურუსიძესაც გადასცეს.

"პოლიტმატიმრები ვინც პოლიტმატიმრობამდე მიიყვანა და ვინც ამ შემთხვევაში საქმე შეუკერა პოლიტიკურად, ის პროკურორი დღეს ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული. დაცინვაა უბრალოდ საზოგადოების. ეს არის პირდაპირ მესიჯი სხვა სისტემის მსახურებისათვის, რომ მათი ასეთი და ამგვარი მსახური იქნება დაჯილდოებული, წახალისებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში, ვინც კი ამ სისტემას ემსახურებოდა და ემსახურება ერთგულად, ყველა ადამიანი დღეს ჯილდოს იღებს და არც გამოვრიცხავ, რომ ცოტა ხანში მურუსიძეც დააჯილდოვონ. მურუსიძემ ჯილდოზე მეტი მიიღო, როდესაც ივანიშვილმა ის ლამის გმირად გამოაცხადა,"- თქვა სამუშიამ ტვ პირველთან ინტერვიუში. 

2014 წლის 28 ოქტომბერს, იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას საზღვარგარეთ ყოფნისას, სამართალდამცველებმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვისთვის თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი დააკავეს. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო კოალიცია ქართული ოცნებიდან თავისუფალი დემოკრატების გამოყოფის პროცესი.

ბრალდებულები საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 19 ივნისს თავისუფალი დემოკრატების დეპუტატების თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა, თუმცა, 2016 წლის 16 მაისს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თავისუფალი დემოკრატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკური მოტივაციითაა წარმოებული.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 2017 წლის 27 იანვარს შეიწყალა. პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, საქმე აღძრავდა კითხვებს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე. მსჯავრდებულებმა საპატიმრო იმავე დღესვე დატოვეს. 

შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე მუხლი გადააკვალიფიცირა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. როგორც მათი ადვოკატი, ლევან სამუშია, ამბობდა, დაკავებულები 2 თვეში უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

მაშინ საქმის პროკურორი ნინო აღლემაშვილი, რომელიც პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, ამბობდა, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებდა.

კომენტარები