პალესტინის ხელისუფლება

TOI: აბასმა ხელი მოაწერა განკარგულებას პატიმრებისთვის ფინანსური დახმარების გაუქმების შესახებ

მაჰმუდ აბასი
Alexander Zemlianichenko / POOL / AFP

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ხელი მოაწერა განკარგულებას კანონის გაუქმების შესახებ, რომლითაც ხელისუფლება ისრაელში მყოფი პალესტინელი პატიმრებისთვის, სასჯელის ვადის მიხედვით, და თავდასხმებში მონაწილეობის შედეგად დაღუპული ტერორისტების ოჯახებისთვის ფულად დახმარებას გასცემდა. 

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, აღნიშნული ტიპის ოჯახები და კერძო პირები ფულად დახმარებას მხოლოდ ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებენ. 

როგორც Times of Israel წერს, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრებისთვის ფინანსური დახმარების სისტემის რეფორმაზე პალესტინის ხელისუფლება წლების განმავლობაში მუშაობდა და ის მეტწილად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჩამოყალიბდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რეფორმა ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ დაემტკიცებინა, როგორც კეთილი ნების ჟესტი ახალი ადმინისტრაციისადმი. 

ანონიმური წყაროების ცნობით, აღნიშნულ რეფორმაზე პალესტინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კონტაქტი ჰქონდათ ტრამპის გარდამავალ პერიოდის ადმინისტრაციის წევრებთან. 

როგორც პალესტინელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემას უთხრეს, რამალამ (ქალაქი დასავლეთ სანაპიროზე) გაკვეთილი ისწავლა ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში მასთან ურთიერთობიდან. აბასმა აშშ-სთან კავშირები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ტრამპმა 2017 წელს, პრეზიდენტის ოფისის დაკავებიდან 1 წელიწადზე ნაკლებ დროში, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამის შემდეგ, აშშ-მ აბრაამის შეთანხმებას უშუამდგომლა, რომლის დროსაც პალესტინელები პროცესის მიღმა დარჩნენ. 

როგორც Times of Israel წერს, დღევანდელი განკარგულება რამალას უახლესი ძალისხმევაა, ვაშინგტონთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. ამასთან, რეფორმა მნიშვნელოვანი გამარჯვებაა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვისაც, რომელმაც მოახერხა, მიეყვანა პალესტინის ხელისუფლება დათმობამდე. 

კომენტარები