ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის თქმით, მისი გეგმის მიხედვით, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი გეგმის შესრულების შემთხვევაში, რაც აშშ-ს მიერ ღაზის სექტორის "დაუფლებას" ითვალისწინებს, პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ ტელევიზია Fox-თან ინტერვიუში ისაუბრა

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ექნებოდათ თუ არა პალესტინელებს ღაზის სექტორში დაბრუნების უფლება, ტრამპმა უპასუხა:

"არა, მათ არ ექნებოდათ [დაბრუნების უფლება], ვინაიდან ისინი უკვე გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ პირობებში იქნებოდნენ. მე აქ ვსაუბრობ მათთვის მუდმივი დასახლების აშენებაზე, ვინაიდან თუ ისინი იქ ახლა დაბრუნდებიან, წლები დასჭირდება [ღაზის რეკონსტრუქციას]. ვფიქრობ, მე შემიძლია შეთანხმების მიღწევა იორდანიასთან, ეგვიპტესთან [საკუთარ ტერიტორიებზე პალესტინელების დასახლების შესახებ]. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს მივცემთ ყოველწლიურად". - თქვა ტრამპმა. 

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ 1.9 მილიონი პალესტინელისთვის "მშვენიერ" და "უსაფრთხო" დასახლებებს მოაწყობდა, თუმცა ღაზისგან "ოდნავ მოშორებით". 

"ჩვენ ავაშენებდით მშვენიერ დასახლებებს 1.9 მილიონი ადამიანისთვის, მშვენიერ და უსაფრთხო დასახლებებს. შეიძლება 5-ს, 6-ს, იქნებ, 2-ს, თუმცა ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს შევქმნიდით. ოდნავ მოშორებით, სადაც ისინი ახლა არიან, სადაც ამჟამად საფრთხე არსებობს. ამავდროულად, ის ჩემს მფლობელობაში იქნებოდა. შეხედე [ეუბნება ჟურნალისტს] ამას, როგორც მომავლისთვის უძრავი ქონების დეველოპმენტი. მშვენიერი მიწა იქნებოდა". - თქვა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა. 

დამატებით, 9 თებერვალს, თვითმფრინავ Air Force One-ში, რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ აშშ ერთგულია ღაზის სექტორის ყიდვისა და მფლობელობის იდეისადმი, თუმცა, შესაძლოა, ტერიტორიის ნაწილები ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს აღადგენინოს.

"ღაზის ყიდვისა და მფლობელობისადმი ერთგული ვარ. რაც შეეხება მის ხელახლა აშენებას, შეიძლება, ახლო აღმოსავლეთში სხვა სახელმწიფოებს მივცეთ, რათა მისი ნაწილები ააშენონ, ეს შეიძლება სხვებმა ჩვენი მფარველობით გააკეთონ. თუმცა, ჩვენ ერთგულები ვართ მისი მფლობელობისადმი, დაუფლებისადმი და იმის უზრუნველყოფისადმი, რომ ჰამასი არ დაბრუნდეს". - თქვა ტრამპმა. 

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ში ზოგიერთი პალესტინელი დევნილის შეშვებას განიხილავს, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს.

"იქ არაფერი არ არის, რასაც შეიძლება, დაუბრუნდე. ეს ადგილი დანგრეული შენობების ადგილია. ნარჩენები დაინგრევა. ყველაფერი დანგრეულია". - თქვა ტრამპმა. 


ცნობისთვის, 5 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

ტრამპის ამ მეტად თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. 

ტრამპის თქმით, აშშ ღაზის სექტორში დანგრეულ შენობებს მოაშორებს, მიწასთან გაასწორებს და დაიწყებს ეკონომიკურ განვითარებას, რაც უსაზღვრო სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებლებით უზრუნველყოფს მათ, ვინც იქ იცხოვრებს.

"ამ ნაწილს ჩვენ დავიკავებთ, განვავითარებთ და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, და ეს იქნება ის, რითაც ახლო აღმოსავლეთი შეძლებს, ამაყი იყოს". - დაამატა ტრამპმა.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეზობლად მდებარე ქვეყნებში უნდა აშენდეს სივრცეები, სადაც 1.8 მილიონამდე პალესტინელი შეძლებს ცხოვრებას, ხოლო ამ გეგმის დაფინანსება მეზობლად მდებარე მდიდარი ქვეყნების მიერ შეიძლება მოხდეს.

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პალესტინელებს ღაზაში დაბრუნება სურთ არის ის, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ეს ახლა დანგრეული ნაგებობების ადგილია. თითქმის ყველა შენობა წაქცეულია. ისინი ჩამონგრეული ბეტონის ქვეშ ცხოვრობენ, რაც ძალიან სახიფათო და სარისკოა. ამის ნაცვლად, მათ შეუძლიათ, დაიკავონ ლამაზი ადგილები, სახლებში და უსაფრთხოდ, და შეუძლიათ, ცხოვრება გაატარონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, უკან დაბრუნებისა და ხელახლა განმეორების ნაცვლად". - თქვა ტრამპმა.

თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ გაიმეორა, რომ ღაზის სექტორში ისრაელს სამი მიზანი აქვს: "ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა ჩვენი მძევლის გამოშვების გარანტირება და უზრუნველყოფა იმის, რომ ისრაელისთვის ღაზა ვეღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს". - თქვა მან.

ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერმა თქვა, რომ ტრამპს ღაზის საკითხი უფრო მაღალ დონეზე აჰყავს. "ის [ტრამპი] განსხვავებულ მომავალს ხედავს ამ მიწისთვის, რომელიც ამდენი ტერორიზმის, ჩვენს წინააღმდეგ ამდენი თავდასხმის კერა იყო, ამდენი გამოცდისა და ტანჯვის კერა. მას განსხვავებული იდეა აქვს და ვფიქრობ, ამისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ, ის თავის ხალხთან ერთად განიხილავს. ვფიქრობ, ამას ისტორიის შეცვლა შეუძლია და ღირს, ამ გზას მივყვეთ". - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას თქვა, რომ იორდანიამ და ეგვიპტემ ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი უნდა მიიღოს და დაამატა, რომ გადასახლება "შეიძლება იყოს დროებითი ან გრძელვადიანი". მისი თქმით, "რაღაც უნდა მოხდეს, რადგან ღაზის სექტორი თითქმის მთლიანად განადგურებულია". თუმცა, არაბულმა ქვეყნებმა მისი წინადადება უარყვეს.

კომენტარები