წინასწარი მონაცემებით, კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია ვეტევენდოსიემ გაიმარჯვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა, რომელიც ქვეყნის კოალიციური პარტნიორების გარეშე სამართავად იყო საჭირო.
2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოპულარობის კლების მიუხედავად, კოსოვოს მოქმედი პრემიერმინისტრი ალბინ ქურთი თანამდებობას შეინარჩუნებს.
ბოლო ცნობებით, საარჩევნო ბიულეტენების 88%-ის დათვლის შედეგად ვეტევენდოსიემ ხმათა 41.3% მოაგროვა. შედარებისთვის, კოალიციამ, რომელსაც ამავე პარტია უძღვებოდა, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 50%-ზე აიღო.
მეორე ადგილზე, ხმათა 21.8%-ით გავიდა კოსოვოს დემოკრატიული პარტია, რომლის მთავარი ლიდერებიც ომის დანაშაულების ბრალდებით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ჰყავს დაკავებული.
ხმათა 17.8% აიღო ქვეყნის უძველესმა პარტია კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ, ხოლო 7.7% - ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრის, რამუშ ჰარადინაჯის პარტიამ ალიანსი კოსოვოს მომავლისთვის.
როგორც გამოცემა Reuters წერს, მთავრობა, რომელსაც მემარცხენე და ალბანელი ნაციონალისტი ალბინ ქურთი უძღვება, სავარაუდოდ, გააგრძელებს მთავრობის კონტროლის გავრცელებას კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც დაახლოებით 50,000 ეთნიკურად სერბი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს გამოცხადებულ დამოუკიდებლობას არ ცნობს.
Reuters-ის მიხედვით, აღნიშნული აჩენს ეჭვებს, რომ ზემოხსენებულ რეგიონში ბოლო წლებში აღმოცენებული ეთნიკური ნიშნით ძალადობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"წინასწარი შედეგები აჩვენებენ ერთ ჭეშმარიტ, ზუსტ და ცხად რაიმეს და ეს არის ის, რომ ვეტევენდოსიეს მოძრაობამ 2025 წლის 9 თებერვლის არჩევნებში გაიმარჯვა". - მიმართა ქურთიმ კოსოვოს დედაქალაქ პრისტინას ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებმაც შემდგომ ფეიერვერკები ისროლეს და ალბანური დროშები ააფრიალეს.
თუმცა, ამავე სიტყვით გამოსვლისას ქურთიმ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოტენციურ კოალიციურ პარტნიორებს, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციაში "ცხოველები" და "ქურდები" არიან, რომლებიც მზად არიან, მთავრობის წინააღმდეგ "ეშმაკთან წავიდნენ გარიგებაზე".