ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: ტრამპის გუნდი აპირებს, WHO-სგან რეფორმები და დირექტორად ამერიკელის დანიშვნა მოითხოვოს

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეფორმის გეგმას განიხილავენ, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად ამერიკელი მაღალჩინოსნის დანიშვნასაც მოიცავს, რათა აშშ ორგანიზაციის წევრი დარჩეს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროსა და შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მრჩევლებმა ინაუგურაციამდე გაუზიარეს, რეკომენდაციას იძლეოდა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ტრამპს WHO-დან გასვლა მყისიერად გამოეცხადებინა და სააგენტოსთან მიმართებით "რადიკალურად ახალი მიდგომა" აერჩია, მათ შორის, მოეთხოვა, რომ როდესაც ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსი 2027 წელს ვადა ამოეწურება, მის ნაცვლად თანამდებობაზე ამერიკელი მაღალჩინოსანი დაინიშნოს.

20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) დატოვა.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში წერია, რომ აშშ-მ 2020-ში გასვლის შესახებ ცნობა გამოსცა, რადგან "ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემიას... და სხვა გლობალურ ჯანმრთელობის კრიზისებს, არასწორად გაართვა თავი, გადაუდებლად საჭირო რეფორმები ვერ გაატარა, და ვერ შეძლო ეჩვენებინა დამოუკიდებლობა WHO-ს წევრი სახელმწიფოების უადგილო პოლიტიკური გავლენისგან".

ცნობისთვის, ტრამპმა WHO-დან გამოსვლის პროცესი პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რადგან მისი თქმით სააგენტომ სათანადოდ ვერ უპასუხა COVID-19-ს და არ აჩვენა, რომ ჩინეთისგან დამოუკიდებელია. თუმცა, ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკან წაიღო. 

WHO-დან გამოსვლის შემდეგ ტრამპმა თქვა, რომ ორგანიზაციაში ამერიკის დაბრუნება შესაძლებელია, თუკი სააგენტო "გასუფთავდება", თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა ამაში.

Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტის 2025 წელს ორგანიზაციაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს, რომელიც ტრამპთან და თეთრ სახლთან იქნება ანგარიშვალდებული და იგი WHO-სთან პოტენციური რეფორმების შესახებ მოლაპარაკებების ზედამხედველი იქნება.

Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტის 2025 წელს ორგანიზაციაში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს, რომელიც ტრამპთან და თეთრ სახლთან იქნება ანგარიშვალდებული და იგი WHO-სთან პოტენციური რეფორმების შესახებ მოლაპარაკებების ზედამხედველი იქნება.

ამჟამად WHO-სთან კოორდინაციაზე პასუხისმგებელი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ჯანმრთელობისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტია. Reuters-ის ცნობით, WHO-ს ხელმძღვანელად ამერიკელი მაღალჩინოსნის დანიშვნაზე წინადადების წინ წაწევა ტრამპის მიერ შერჩეულ სპეციალურ წარმომადგენელს დაევალება.

კომენტარები