WHO

მედია: აშშ-ს გასვლის ფონზე, WHO ხარჯების შემცირებას აპირებს

POOL photo by Laurent Cipriani/AFP via Getty Images

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) აშშ-ს გასვლის ფონზე, ორგანიზაცია ხარჯების შემცირებას და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტების გადახედვას აპირებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია პირველად გამოცემა Reuters-მა გაავრცელა, რომელმაც WHO-ს დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიუსის მიერ თანამშრომლებისთვის მიწერილი იმეილი მოიპოვა.

"როგორც იცით, აშშ-მ გამოაცხდა, რომ WHO-დან გამოსვლას აპირებს. ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ ახალი ადმინისტრაცია მას გადახედავს. ამ განცხადებამ ჩვენი ფინანსური ვითარება უფრო გაამწვავა და ვიცით, რომ WHO-ის დასაქმებულთა შორის მნიშვნელოვანი შეშფოთება და გაურკვევლობა გამოიწვია". - წერია შეტყობინებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, იმეილში წერია, რომ WHO-მ ორგანიზაციის დაფინანსების ცვლილებაზე უკვე იმუშავა, წევრი სახელმწიფოებისთვის საწევრო გადასახადი კი გაიზარდა, თუმცა, აშშ-ს გასვლის ფონზე, ორგანიზაციას მეტი დაფინანსება დასჭირდება და ხარჯების ერთდროულად შემცირება მოუწევს. 

მედიის მიხედვით, ამ ზომებში შედის IT მოწყობილობების განახლების შეზღუდვა, მსხვილი კონტრაქტების გადახედვა და საოფისე განახლებების შეჩერება, თუ ეს უსაფრთხოებას ან ხარჯების შემცირებას არ უკავშირდება. 

ამასთან, გამოცემა POLITICO-ს თანახმად, რომელმაც შეტყობინებაზე წვდომა ასევე მოიპოვა, ხარჯების შესამცირებლად ორგანიზაცია აპირებს, რომ "რეკრუტირება შეაჩეროს, ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროების გარდა". 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, მეილში წერია, რომ განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა ყველა შეხვედრა დისტანციურად ჩატარდება და ქვეყნებისთვის ტექნიკური დახმარების მიწოდებისთვის განკუთვნილი მისიები "ყველაზე აუცილებლამდე უნდა იყოს შეზღუდული". 

"ამ ზომათა სია ამომწურავი არ არის და შესაბამის დროს მეტი გამოცხადდება. მადლობას ვუხდი იმ თანამშრომლებს, რომლებმაც უკვე გამოაგზავნეს შეთავაზებები რესურსების მობილიზებისთვისა და ჩვენი ეფექტურობისა და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად და ყველა თანამშრომელს იგივესკენ მოვუწოდებ". - წერია იმეილში

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ აშშ-ს ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო წუხს.

აშშ WHO-ს ყველაზე დიდ დაფინანსებას აწვდის, რომელიც მთლიანი დაფინანსების 18%-ს შეადგენს.

კომენტარები