სისხლის სამართლის დამნაშავეებად 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულების გამოცხადება გასაკვირი არ არის.
თავიდან რომ ადმინისტრაციულით დააკავეს, ის უფრო გასაკვირი იყო - ალბათ, შიდა ქაოსის გამო მოუვიდათ.
დრაკონული კანონები იმიტომ მიიღეს, რომ პროტესტი, რომელიც მთელი დეკემბერი და იანვარი ვერ ჩაახშეს, თებერვალში მრავალწლიანი პატიმრობის მუქარით ჩაახშონ.
რეჟიმისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი ჩაახშოს.
ჩვენთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ პროტესტი გაგრძელდეს.
პროტესტი ხდის თვალსაჩინოს იმ კრიზისს, რაც ერთი მხრივ დასავლეთს ახსენებს ამ ქვეყანას, მეორე მხრივ რეჟიმის ლოიალისტებს აუცხოვებს სტატუს კვოსგან - რეჟიმის ლოიალისტებმა ხომ კარგად იციან, რომ ეს კრიზისი ბიძინამ მოახვია მათ თავს და ბიძინას ელოდებიან, რომ მოაგვარებს.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პროტესტი, მით მეტ ლოიალისტს გადაეწურება იმედი რომ ბიძინას ამ კრიზისის მოგვარების უნარი აქვს და პროტესტი დომინოს ეფექტს შეიძენს, სტატუს კვო ჩამოირღვევა იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ილუზია, რომ ბიძინა კრიზისს მოაგვარებს და business as usual აღდგება.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ პროტესტი გაგრძელდეს.
ოღონდ გაგრძელდეს გონივრულად.
რეჟიმის ხიშტებს უნდა დავუპირისპიროთ პროპორციული ძალა, პროპორციული ძალა შეიძლება იყოს დასავლური სანქციები, ან ძალიან, ვიმეორებ, ძალიან ბევრი ხალხი.
შუალედებში, რუტინული მარშები, სპონტანური აქციები, „გაფიცვებად“ შეცდომით წოდებული კერძო კომპანიების თანამშრომელთა პროტესტი და რუსთაველის რუტინული გადაკეტვაც საკმარისია - მთავარია რეჟიმის ლოიალისტები ხედავდნენ კრიზისს და აცნობიერებდნენ, რომ კრიზისი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოახვია მათ თავს 28 ნოემბერს, ვერ გვარდება, ბიძინამ ვერც თავი დაიცვა - დასანქცირებულია, ვერც კრიზისს აგვარებს, ძალადობრივ ვერტიკალს უსანქცირებენ, ყველაზე ერთგულ ბიზნესებს უსანქცირებენ...
ესაა პროცესი, რაც გამოიწვევს სტატუს კვოს ლოიალისტების რღვევას, რეჟიმის ჩამოშლას, ბიძინას მარცხს და ახალ არჩევნებს, სადაც გავალთ ჩვენც, და ყველა ის ძალა, რომელსაც პროტესტი წარმოშობს, ან შეინარჩუნებს - ახალ სპექტრსაც ქართველი ხალხი დაალაგებს თავისუფალი არჩევნებით, იქამდე ტელემედიაც ან დისკრედიტირებული, ან სრულად გახსნილი იქნება.
გადამწყვეტი არის პროტესტი.
თუ გვსურს 60-ივე პატიმარი დავიხსნათ, გადამწყვეტი არის პროტესტი რასაც უნდა მოყვეს რეჟიმის საყრდენის შევიწროვება და ბოლოს - რეჟიმის კოლაფსი.