ირანის ბირთვული პროგრამა

NYT: აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციით, ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მოკლე გზას ეძებს

ყოფილი და მოქმედი ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალმა სადაზვერვო ინფორმაციამ დაარწმუნა, რომ ირანელი მეცნიერების საიდუმლო ჯგუფი უფრო სწრაფი მეთოდით იკვლევს ბირთვული იარაღის განვითარების შესაძლებლობას, იმ შემთხვევისთვის, თუ თეირანის ლიდერები მის გამოყენებას გადაწყვეტენ. 

აღნიშნული სადაზვერვო ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო თვეებში შეგროვდა და პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ტრანზიციის პერიოდში გადაეცა.

ოფიციალურმა პირებმა New York Times-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადეს, რომ სადაზვერვო შეფასებით ირანის სამხედრო ინჟინრები და მეცნიერები ეძებენ მოკლე გზას, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ბირთვული საწვავის მარაგი ერთი ან რამდენიმე წლის ნაცვლად, რამდენიმე თვეში აქციონ მოქმედ იარაღად.

წყაროების ინფორმაციით ეს იმ შემთხვევაშია სავარაუდო, თუ ირანი შეცვლის საკუთარ ამჟამინდელ მიდგომას, რაც ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ ტრამპთან მოლაპარაკებების სურვილს უკავშირდება.

უკანასკნელ თვეებში ჩაწერილ ინტერვიუებში ოფიციალური პირები კვლავაც თვლიდნენ, რომ ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ შეაჩერა გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის განვითარების შესახებ, თუმცა ახალი სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ირანის მოკავშირე ძალების მარცხისა და მათი სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების ფონზე ირანელი სამხედროები სერიოზულად იკვლევენ ახალ ვარიანტებს აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შესაჩერებლად.

მათი თქმით, ირანი ამჟამად ბირთვულ ზღვარზეა. მას შემდეგ, რაც 2015 წელს დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, ირანმა განაახლა ურანის წარმოება და ამ დროის მდგომარეობით, ის ფლობს საკმარის საწვავს ოთხი ან მეტი ბომბის დასამზადებლად, თუმცა ეს არ არის საკმარისი იარაღის შესაქმნელად. უკანასკნელი სადაზვერვო მტკიცებულებები სწორედ იმ ბოლო ნაბიჯებს ეხება, რომელიც ირანს იარაღის შესაქმნელად სჭირდება.

2024 წლის ოქტომბერში ისრაელის საპასუხო დარტყმის შედეგად თეირანის გარშემო არსებული თავდაცვითი სისტემების გარდა, რამდენიმე ბირთვული ობიექტიც დაზიანდა. ისრაელმა დააზიანა შერევის დანადგარები, რომლებიც ახალი რაკეტებისთვის საწვავის დამზადებას უზრუნველყოფდნენ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ის არ ჩქარობს ირანთან პირდაპირ კონფლიქტში შესვლას და რომ იგი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ინაუგურაციის შემდეგ მისთვის დასმულ შეკითხვაზე - დაუჭერდა თუ არა მხარს ისრაელის თავდასხმას ირანულ ობიექტებზე, ტრამპმა უპასუხა, რომ "იმედია ეს საკითხი ისე გადაწყდება, რომ მასზე არ ვიდარდოთ, ნამდვილად კარგი იქნება, თუ არ დაგვჭირდება კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა". ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ იმედია "ირანი შეთანხმებას დადებს".

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა, რომელმაც თანამდებობა ივლისში დაიკავა,  რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ასევე მზადაა ახალი შეთანხმებისთვის, თუმცა, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მას, შესაძლოა, არ აქვს ინფორმაცია ისლამური რევოლუციის კორპუსის საქმიანობის შესახებ, რომელიც ბირთვულ იარაღის განვითარებას უკავშირდება.

"პრეზიდენტ ფეზეშქიანსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ არ აქვთ ინფორმაცია რეჟიმის შიდა ბირთვულ გადაწყვეტილებებზე".- ამბობს International Peace-ის ექსპერტი კარიმ სადჯადპური.

"ისლამურმა რესპუბლიკამ დიდი ხანია ორი პარალელური რეჟიმი შექმნა. არსებობს სამხედრო და სადაზვერვო ძალები, რომლებიც ემორჩილებიან ხამენეის და აკონტროლებენ ბირთვულ პროგრამას". - განაცხადა კარიმ სადჯაპურიმ.

მისი თქმით, არსებობენ დიპლომატები და პოლიტიკოსები "რომლებიც უფლებამოსილნი არიან ისაუბრონ დასავლურ მედიასა და ოფიციალურ პირებთან, თუმცა მათ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ აქვთ იმ საქმიანობების შესახებ, რომელთა უარყოფაც ევალებათ".

ამერიკელი ოფიციალური პირები მრავალი წელია ამბობენ, რომ ირანმა თავისი ბირთვული იარაღის პროგრამა 2003 წელს, ამერიკელი სამხედროების ერაყში შეჭრის შემდეგ შეწყვიტა. იმავეს ამტკიცებენ ირანის მთავრობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ქვეყანა მტკიცედ მიჰყვება მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიებს.

თუ თეირანმა გადაწყვიტა თავისი პოლიტიკის შეცვლა და ბირთვული იარაღის წარმოება დაიწყო, დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ირანს მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება ურანის 90%-მდე გამდიდრებისთვის, რაც იარაღის წარმოებისათვის საჭირო დონეს წარმოადგენს. 

თუმცა მხოლოდ ურანის გამდიდრება არ არის საკმარისი, რათა ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. წლების განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ბირთვული საწვავის 90%-მდე გამდიდრებას და ამის შემდეგ მისი ბალისტიკური რაკეტის თავსახურზე დამონტაჟებას, დაახლოებით 1-დან 1.5 წლამდე დრო დასჭირდება. 

ოფიციალური პირების თქმით, ირანელებმა იციან, რომ ეს დრო მათი სისუსტეა. თუ საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტო (IAEA), რომელიც კვლავ ატარებს შეზღუდულ ინსპექციებს ბირთვული საწვავის საწარმოებში, დაადასტურებს, რომ ირანი ბომბის საწვავს ამზადებს, ისრაელს და აშშ-ს  სამხედრო პასუხის გაცემა მოუწევთ.

ამერიკელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ირანს აქვს ცოდნა ძველი ტიპის ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რომელიც გაცილებით სწრაფად იქმნება, თუმცა ასეთი იარაღის მოდიფიცირება შეუძლებელია, რათა ბალისტიკურ რაკეტაზე დამონტაჟდეს. 

მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის იარაღს შესაძლოა შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს და აიძულოს ირანი მოწინააღმდეგეები თავდასხმამდე "ორჯერ დააფიქროს" - აცხადებენ New York Times- ის წყაროები.

კომენტარები