რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი ხასიათითა და შეუპოვრობით, ევროპაში წესრიგს სწრაფად აღადგენს. პუტინის ციტატას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti ავრცელებს.
"დამერწმუნეთ: ტრამპი მისი ხასიათით, მისი შეუპოვრობით, ის საკმაოდ სწრაფად აღადგენს წესრიგს. და ყველა მათგანი დაინახავს - ეს სწრაფად მოხდება, მალე - ყველა მათგანი პატრონის ფეხებთან დადგება და კუდს ოდნავ გააქიცინებს". - თქვა პუტინმა ინტერვიუში.
პუტინის თქმით, ტრამპის ღირებულებათა სისტემა სხვადასხვა საკითხზე განსხვავდება მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან. მან დაამატა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ტრამპთან ბრძოლას და აშშ-ს საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობდნენ, ხოლო ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ისინი დაიბნენ.
მანამდე, 24 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტმა პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия-სთან საუბრისას თქვა, რომ 2022 წელს აშშ-ს პრეზიდენტი რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად დონალდ ტრამპი ყოფილიყო, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი არ დაეწყო.
პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე.
"რუსეთს არასდროს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე. და ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვეს ამ კონტაქტზე. მე ყოველთვის მქონდა საქმიანი და, ამავდროულად, პრაგმატული ურთიერთობები აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტთან [ტრამპთან], სანდო, ვიტყოდი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო მას, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო [ომის დაწყების დროს] და მისთვის 2020 წელს გამარჯვება არ მოეპარათ, მაშინ, იქნებ, უკრაინაში არც ყოფილიყო კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო". - თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტები "ერთმანეთს შეხვედროდნენ და დღევანდელი რეალობის საფუძველზე, მშვიდად ესაუბრათ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც შედის როგორც აშშ-ს, ისე რუსეთის ინტერესებში".
ამას გარდა, ინტერვიუში პუტინმა უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი აზრით, "კიევის რეჟიმის ხელმძღვანელობა" მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაშიც კი, "არსებული ნორმატიული საფუძვლის ჩარჩოებში გამართულ" მოლაპარაკებებს "არალეგიტიმურად" გამოაცხადებს და შედეგად, ამ მოლაპარაკებების შედეგებსაც "არალეგიტიმურად გამოაცხადებს".