ეთნიკური უმცირესობების საბჭო

ომბუდსმენთან არსებული ეთნიკური საბჭო შვიდმა ორგანიზაციამ დატოვა

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო შვიდმა ორგანიზაციამ დატოვა. როგორც ორგანიზაციათა ერთობლივ განცხადებაში წერია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა. 

ორგანიზაციების ცნობით, ბოლო 10 თვის განმავლობაში, საბჭოს წევრების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არცერთი სამუშაო შეხვედრა არ გამართულა. ამასთან, განცხადებას რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც საბჭომ გაავრცელა, მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანისა და იზაბელა ოსიპოვას მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა. 

განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან კრიტიკული და განსხვავებული აზრი იდევნება და ამასთან, კოორდინატორები "პირადად წყვეტენ, რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე", რაც, ხელმომწერთა თქმით, საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

განცხადების მიხედვით, ხელმომწერმა ორგანიზაციებმა "უფუნქციო საბჭოს" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ახალ, ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოს დააარსებენ. 

"ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ აღნიშნულ საბჭოს.

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას უწევს ტოლერანტობის ცენტრი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების განსახილველად და ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე სამუშაოდ, თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს საქმიანობა ჩიხში შევიდა.

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება, პირდაპირ აისახა აღნიშნული საბჭოს საქმიანობაზე, რომელიც არ/ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. ბოლო ათი თვის განმავლობაში არ გამართულა არც ერთი სამუშაო შეხვედრა, მიუხედავად საბჭოს სხვადასხვა წევრის არაერთი მოთხოვნისა.

ე.წ. გამჭვირვალობის (რუსული) კანონის წინააღმდეგ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის მხრიდან საბჭოს საქმიანობაში უხეში ჩარევა, საბჭოს წინააღმდეგ მისი სახელით გავრცელდა ხელმომწერებისთვის შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება; ასევე, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მას და იზაბელა ოსიპოვას, საბჭოს წევრებთან და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, სურთ საბჭოს საქმიანობის წარმართვა.

აგრეთვე საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს.

აქედან გამომდინარე საბჭოში შემავალმა ორგანიზაციების თუ ფიზიკურმა პირების ერთმა ნაწილმა, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება - ერთი მხრივ, უფუნქციო საბჭოს დატოვების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ახალი - ეთნიკური მრავალფეროვნების - საბჭოს დაარსებაზე.

ეთნიკური მრავალფეროვნების საბჭოში შემავალ ყველა სუბიექტს აქვს სურვილი, რომ მათი საქმიანობა რეალურად ასახავდეს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებს, საზოგადოებას აწვდიდეს ამომწურავ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, აჟღერებდეს მათ სათქმელს სხვადასხვა ფორუმისა თუ პლატფორმის გამოყენებით და მუშაობდეს ადგილობრივი თემების პრობლემების მოგვარებაზე; აგრეთვე, ხელს უწყობდეს ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნების ისტორიის გადააზრებას, თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და გამყარებას". - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ელნურ ალისოი - სოლიდარობის მოძრაობა.

2. ზაზა კალაშოვი - ქუთული ორგანიზაცია რონაი.

3. რაშან ზიადალიევი - სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი.

4. ჯეიხუნ მუჰამედალი - წითელი ხიდი.

5. ალექსანდრე ქავთარაძე - საქართველოს უდიები.

6. სამირა ისმაილოვა - სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა

7. გიორგი ტუმასიანი - საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა

კომენტარები