ტრამპის ადმინისტრაცია

Reuters: იაპონია ტრამპის კეთილგანწყობისთვის ალასკის გაზსადენის პროექტის მხარდაჭერას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტოკიოში, 27 მაისი, 2019
Kiyoshi Ota/AFP via Getty Images

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონიაში განიხილავენ, რომ აშშ-ს დახმარება შესთავაზონ ალასკის შტატში $44-მილიარდიანი გაზსადენის აშენებაში, რათა ქვეყანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კეთილგანწყობა მოიპოვოს და ამერიკასთან პოტენციური სავაჭრო უთანხმოება აირიდოს თავიდან.

Reuters-ის წყაროების ცნობით, იაპონელი მაღალჩინოსნები მოელიან, რომ ტრამპი ხსენებული პროექტის საკითხს წამოწევს, როდესაც იგი იაპონიის პრემიერმინისტრს, შიგერუ იშიბას პირველად ვაშინგტონში შეხვდება. ტრამპს წარსულში ნათქვამი აქვს, რომ ალასკის გაზსადენის პროექტი აშშ-ს უსაფრთხოებისთვისა და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია.

წყაროების თქმით, იაპონიაში ეჭვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის შესრულება, რომელიც 1 300 კმ-მდე სიგრძის მილსადენის აშენებას გულისხმობს.

პროექტის მიზანი ალასკის ჩრდილოეთიდან გაზის საბადოების სამხრეთში მდებარე პორტებთან დაკავშირებაა, საიდანაც ბუნებრივ აირს თხევადად გადააქცევენ და აზიაში მომხმარებლებს მიაწოდებენ. თუმცა, წყაროების ცნობით, ეჭვების მიუხედავად, მაღალჩინოსნები მზად არიან, ტრამპთან პროექტის შესახებ შესაძლო შეთანხმება განიხილონ.

თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ხოლო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვა ამ დროისთვის ნაადრევია.

კომენტარები