აშშ-ში, ვაშინგტონში რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა. შედეგად, ორივე მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
აშშ-ს არმიასა და American Airline-ზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობების მიხედვით, Black Hawk-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე 3 ჯარისკაცი, American Airlines-ის თვითმფრინავზე კი 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ვაშინგტონში კანზასის ქალაქ ვიჩიტადან მიფრინავდა, სამხედრო ვერტმფრენი კი ვირჯინიაში ფორტ ბელვუარიდან აფრინდა.
მდინარე პოტომაკში ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
CBS News-თან საუბრისას პოლიციამ თქვა, რომ ამ ეტაპისთვის მდინარე პოტომაკში 18 ცხედარი იპოვეს. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარიდან ჯერჯერობით არცერთი გადარჩენილი არ ამოუყვანიათ.
რეიგანის ეროვნულ აეროპორტში ყველა აფრენა და დაშვება გაუქმდა, ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა ოჯახის წევრებისთვისა და ახლობლებისთვის American Airlines-ის ცხელი ხაზი ამოქმედდა.
აშშ-ს ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მდინარე პოტომაკში ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 35 გრადუსი ფარენჰეიტია (დაახლ. 1.6 გრადუსი ცელსიუსი).
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"რეიგანის ეროვნულ აეროპორტში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სრულად მივიღე. ღმერთმა დალოცოს მათი სულები. მადლობას გიხდით ჩვენი მაშველების მიერ გაწეული საოცარი სამუშაოსთვის. ვითარებას ვაკვირდები და მეტ დეტალს მათი გამორკვევის შემდეგ მოგაწვდით". - წერია ტრამპის განცხადებაში.