გიორგი გახარიაზე თავდასხმა

სიჭინავა: გამოთხოვილ და ამოღებულ ინფორმაციასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებს

პარტია გახარია-საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას თქმით, გახარიაზე თავდასხმის მასალების გაცნობის შემდეგ, დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე შერატონის ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია.

სიჭინავას თქმთ, შერატონ ბათუმიდან "სახელდახელოდ ამოღებულია, პირდაპირი მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ე.წ. DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ, ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას".

"ოცნება, სამართალდამცავი სისტემა და შერატონ ბათუმი ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი.

ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია.

გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან უმთავრესი მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგვცეს მათი ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი მოტივით.

იმ მასალების გაცნობით, რომელზეც წვდომა მოგვეცა, დადასტურდა ჩვენი გამოძიებით დადგენილი გარემოებები:

  • გამოძიება არათუ მუშაობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე, ორგანიზატორისა და დამკვეთის გამოვლენაზე, არამედ პირიქით, ფორსირებული ტემპით ცდილობს საქმის გაფუჭებას. საქმეზე დაზარალებული მხარის გარდა გამოკითხულია მხოლოდ ერთადერთი, ფაქტის არათვითმხილველი მოწმე - შერატონის პერსონალი.
  • დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე შერატონის ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია. პოლიციისთვის შეტყობინება განახორციელა ადგილზე მოსულმა ჩვენმა თანაგუნდელმა 01:44 წთ-ზე.
  • დადასტურდა, რომ გამოძიებას ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი და საქმეში ჩადებული ჰქონდა ვიდეოჩანაწერები და მე-2 - ამოღების განჩინება დასჭირდათ ვიდეომტკიცებულების მთავარი წყაროს სრულად ამოსაღებად, რომ მასთან პოტენციური წვდომა შეეზღუდათ ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში მყოფი შერატონ ბათუმი სწორედ ამოღების განჩინების მიღებამდე შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადმოცემის პროცესს.
  • ორივე განჩინებით, გამოთხოვილი და ამოღებული ინფორმაცია, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მითითებულია დალუქული სახით ისე, რომ საქმეში არ გახსნილა. შესაბამისად, დოკუმენტურად მასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებსა და პროკურორებს.
  • დადასტურდა, რომ გიორგი გახარიას საქმეში გამოკითხვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეომტკიცებულებები სრულად ამოიღეს შერატონიდან, ხოლო მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ - რაც ვიდეომტკიცებულებები დასამალად გაგზავნეს ექსპერტიზაზე.
  • დადასტურდა, რომ შერატონ ბათუმიდან სახელდახელოდ ამოღებულია, პირდაპირი მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ე.წ. DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერები, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ, ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას.

ჩვენი პარალელური გამოძიება აქტიურად აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

აქვე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ამ დანაშაულის შემსრულებლები, ჩვენი სამიზნეა ამ დანაშაულის დამკვეთი, ამ პოლიტიკური შურისძიების აქტის ავტორი - ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიდან სუფთად გაყვანასაც ცდილობს სისტემა. კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ეს ასე ვერ მოხდება". - თქვა სიჭინავამ.

15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ  ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად.

შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები