ლიტვამ და ესტონეთმა დადეს პირობა, რომ ქვეყნის თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-ზე მეტს დახარჯავენ, რათა მნიშვნელოვნად გააძლიერონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები.
მანამდე, 8 იანვარს, დონალდ ტრამპმა NATO-ს წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-დან 5%-მდე გაზრდა მოსთხოვა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა, Financial Times-ს განუცხადა, რომ ევროპა ახალი ეპოქის წინაშე დგას და რომ მომდევნო წელს და სულ მცირე 2030 წლამდე ლიტვა თავდაცვისთვის მშპ-ს 5%-დან 6%-მდე დახარჯავს. ეს ამჟამად არსებულ ხარჯზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.
"რა თქმა უნდა, არსებობს ზეწოლა და ეს არის კარგი და კონსტრუქციული ზეწოლა ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული მოკავშირისგან NATO-ში" - განაცხადა ბუდრისმა. "ჩვენ არ შეგვიძლია ამ მესიჯების უგულებელყოფა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი. ჩვენ გვაქვს რეალური საბრძოლო შესაძლებლობების ქონის ეგზისტენციალური საჭიროება".
ესტონეთის პრემიერმინისტრი, კრისტენ მიხალი, ლიტვის დაპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ასევე ეცდება დახარჯოს მშპ-ს 5% თავდაცვის ხარჯებზე. ამჟამად ესტონეთის ხარჯები მშპ-ს 3.7%-ია.
"ჩვენი მთავარი უსაფრთხოების პარტნიორი, ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ნათელ მესიჯს გზავნის: NATO-ს თავდაცვის ხარჯები უნდა გაიზარდოს. ჩვენ ვიცნობთ ჩვენ მტერს და მე მთლიანად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს 5%". - განაცხადა მან.
ევროპელი ოფიციალური პირების თქმით, NATO საკუთარი არაოფიციალური მიზნის გაზრდას თავდაცვის ხარჯების თაობაზე ივნისის სამიტზე გეგმავს, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიანი ომს უკავშირდება.
Financial Times-ის ინფორმაციით, NATO-ს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ, 2025 წელს ნიდერლანდებში დაგეგმილ სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 3%-მდე გაზრდა განიხილონ.
შვიდი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ესპანეთი და იტალია, ამ დრომდე ვერ ასრულებს 2014 წელს აღებულ ვალდებულებას, რომელიც, სულ მცირე, მშპ-ის 2%-ის თავდაცვის ხარჯებზე გამოყოფას ითვალისწინებდა. ესპანეთი თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1.28%-ს ხარჯავს, რაც ალიანსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იტალიის ხარჯი 1.49%-ს შეადგენს.
2018 წლის მონაცემებით, მშპ-ს 2%-ს თავდაცვის სფეროში მხოლოდ 6 წევრი სახელმწიფო ხარჯავდა, ალიანსის გამოთვლების მიხედვით, NATO-ს 32 წევრიდან 23 წელს უკვე მიაღწევს არსებულ 2%-იან მიზანს.
აშშ, რომელიც თავდაცვაზე მშპ-ის დაახლოებით 3.4%-ს ხარჯავს, კვლავ რჩება NATO-ს ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად ხარჯების მოცულობის კუთხით, თუმცა, მშპ-ს წილის მიხედვით ალიანსის წევრებს შორის პოლონეთისა და ესტონეთის შემდეგ, ის მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. პოლონეთი მშპ-ს 4.12%-ს ხოლო ესტონეთი 3.43%-ს უთმობს საკუთარ თავდაცვას.