ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას რესა ივანიშვილის რეჟიმის მიერ, ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტსაც გამოეხმაურა.
"ჩვენ ვირჩევთ არალიბერალ ლიდერებს დემოკრატიულად - მიუხედავად ყველაფრისა, როგორ შეიძლება გვქონდეს სამართლიანი არჩევნები თუ არ გვექნება სამართლის გავლენა.
ჩვენ ვდგავართ ხის მორზე, რომელსაც ტერმიტები ღრღნიან და წარმოდგენა არ გვაქვს, როდის ჩამოიშლება ეს მორი.
მაგრამ, გასულ წელს რაღაც შეიცვალა - დეკემბერში, რუმინეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოს გარშემო, რომელმაც უარი თქვა არჩევნებზე რუსული მედია მანიპულაციის გამო, მათ უარი თქვეს არჩევნებზე კრემლის ჩარევის გამო და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა გაერთიანებულ სამეფოს ან აშშ-ს 2016 წლის არჩევნებზე რომ მიეღო ეს ქმედებები და დაუსჯელობა.
საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელადან მოზამბიკიმდე.
საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო გასული წლის აპრილის რიცხვებში, მაგრამ დეკემბრიდან მოყოლებული, უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა.
დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს. ჟურნალისტები, აქტივისტები ნაცემი და დაპატიმრებული არიან.
ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეჭირათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი".
გამომძიებელი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს.
მან თქვა - იმიტომ, რომ არ შემიძლია გავჩუმდე ". - თქვა მარია რესამ სიტყვით გამოსვლისას
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





