აშშ-მ სირიის ახალ მთავრობას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) მიერ შექმნილი საფრთხეების შესახებ დაზვერვის გასაიდუმლოებული ინფორმაცია გადასცა. ინფორმაციას რამდენიმე ყოფილ და მოქმედ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა Washington Post ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე ერთ შემთხვევაში, აშშ-ის დაზვერვამ ხელი შეუწყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შეთქმულების ჩაშლას, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში დამასკოს გარეთ მდებარე რელიგიურ სალოცავზე თავდასხმას ისახავდა მიზნად.
როგორც Washington Post წერს, აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო კავშირები სირიის მთავრობასთან მიანიშნებს, რომ აშშ შიშობს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო აღდგება, მაშინ როდესაც სირიის ახალი ლიდერები კონტროლის კონსოლიდაციას ცდილობს.
სირიის ახალ მთავრობას ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი (THS) წარმოადგენს, რომელიც აშშ-ში ჯერ კიდევ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული. შესაბამისად, WP-ს ინტერპრეტაციით, დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება ორმხრივი ინტერესითაა განპირობებული და არა აშშ-ს მზაობით, სრულად დაუჭიროს მხარი THS ტერორისტულ ორგანიზაციას.
"ეს არის სწორი, გონივრული და მიზანშეწონილი გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა სანდო, კონკრეტული ინფორმაცია [ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან წამოსული საფრთხის შესახებ] და, ამასთან, ამ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ძალისხმევის თვალსაზრისით" - თქვა ერთ-ერთმა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
წყაროს ცნობითვე, აშშ-ს დაზვერვამ კომუნიკაცია სირიელ ამბოხებულებთან მათ მიერ სირიაზე კონტროლის დამყარებიდან (8 დეკემბერი) 2 კვირის თავზე დაამყარა. კომუნიკაცია აშშ-ს დაზვერვის სამსახურისა და HTS-ის წარმომადგენლებს შორის, წყაროს თქმით, პირდაპირია და მასში მესამე მხარე არ მონაწილეობს.
ასადის დამხობის შემდგომ ქაოტურ დღეებში, ბაიდენის ადმინისტრაციამ HTS-სთან და მის ლიდერთან, აჰმედ ალ-შარაასთან ფრთხილი ურთიერთობების დამყარება დაიწყო. შარაა ეცადა, საკუთარი ზომიერებისკენ მიენიშნებინა და მსოფლიოს ლიდერებს პირობა მისცა, რომ იგი სირიის რელიგიურ უმცირესობებზე დევნას არ განახორციელებდა.
უცნობია, თუ რა პოლიტიკას აირჩევს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიის ახალი მთავრობის მიმართ. თუმცა, ტრამპმა უკვე მიანიშნა, რომ მას სურვილი აქვს, შუა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისგან აშშ-მ დისტანცია დაიჭიროს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში სირიაში განვითარებულ მოვლენებზე ტრამპმა დაწერა, რომ "ეს ჩვენი ბრძოლა არ არის".
"ჩვენ დაზვერვის ინფორმაციას რუსებს ვაწვდით. დაზვერვის ინფორმაციას ირანელებსაც ვაწვდით, როდესაც რაიმე კონკრეტული საშიშროების წინაშე ვდგავართ და ზოგ შემთხვევაში, გაფრთხილების ვალდებულების გამოც. შესაბამისად, ეს იყო ძალისხმევა, გაგვევითარებინა და საფუძველი ჩაგვეყარა ურთიერთობების დაწყებისთვის HTS-სთან, თუმცა ეს რაიმე განსაკუთრებული იყო, ამ გაგებით. ჩვენი ინტერესებიც კი არ ემთხვევა იდეალურად ერთმანეთს, ჩვენ უბრალოდ პასუხისმგებლობა გვაკისრია, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი დაზვერვის ინფორმაცია გავაზიაროთ". - თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.