კრემლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაში, რომ თუ რუსეთი უკრაინასთან მშვიდობის შეთანხმებას მალე არ დადებს, მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს, სიახლეს ვერ ხედავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„აქ რაიმე სახის ახალ ელემენტს ვერ ვხედავთ. იცით, რომ ტრამპი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, სანქციების მეთოდებს ხშირად მიმართავდა. მას ეს მეთოდები მოსწონს. ყოველ შემთხვევაში, პირველი ვადის განმავლობაში მოსწონდა,“ - ციტირებს პესკოვს სააგენტო ინტერფაქსი.
პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის ვაშინგტონთან „თანასწორი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგისთვის”, მაგრამ პესკოვის თქმით, მათ ჯერ ამის სიგნალი არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 იანვარს, დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინასთან „უაზრო ომი“ დაასრულოს და მშვიდობის შეთანხმება გააფორმოს.
„თუ ჩვენ მალე "შეთანხმებას" არ მივაღწევთ, ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა მონაწილე ქვეყნებში ყიდის, მაღალი გადასახადების, ტარიფებისა და სანქციების დაწესება მომიწევს” - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.





