ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არ აღიარონ ბელარუსში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 567-მა დეპუტატმა, 25 წინააღმდეგი იყო, ხოლო 66-მა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, კატეგორიულად უარყოს ბელარუსში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ის დემოკრატიული არჩევნების მინიმალურ სტანდარტებსაც კი არ აკმაყოფილებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო საზოგადოებას, 2025 წლის 26 იანვრის შემდეგაც განაგრძოს ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმაცია" – წერია რეზოლუციაში.
ევროპარლამენტი ასევე, მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ბელარუსის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა, რომელსაც სვეტლანა ტიხანოვსკაია უდგას სათავეში.
ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა სახლის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს გაიმართება.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს. მან თებერვალში განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ აპირებდა მონაწილეობის მიღებას.
ცოტა ხნის წინ ბელარუსის საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიზეზად ოპოზიციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების დაწყება სახელდება.
2020 წლის არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებამ ბელარუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია.
ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
2020 წლის არჩევნების შედეგებს და ლუკაშენკოს - ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობს აშშ და ევროკავშირი.