აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს საკუთარი კრიპტოვალუტა, ე.წ. მიმკოინი $Trump გამოუშვა, რომლის კაპიტალიზაციამაც უკვე რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწია.
ტრამპი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად 20 იანვარს გახდება.
როგორც კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი 200 მილიონი ციფრული ტოკენია, კიდევ 800 მილიონს კი შემდეგი 3 წლის განმავლობაში გამოუშვებენ.
კრიპტოვალუტის გამოშვებისთვის ტრამპმა კომპანია CIC Digital LLC-სთან ითანამშრომლა, რომელსაც ადრე ტრამპის ბრენდის ფეხსაცმელები და სუნამოები გაუყიდია. CIC Digital LLC კომპანია Fight Fight Fight LLC-სთან ერთად ტოკენების 80%-ს ფლობს.
"ჩემი ახალი ოფიციალური ტრამპ-მიმი აქ არის! დროა, აღვნიშნოთ ყველაფერი, რაც გვახასიათებს: მოგება!" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, როდესაც მიმკოინის გამოშვება გამოაცხადა.
18 იანვრის შუადღისთვის, კრიპტოვალუტის გამოშვებიდან რამდენიმე საათში, $Trump-ის ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიმკოინები ინტერნეტსივრცეში პოპულარობით სარგებლობენ, მათ რაიმე თანდაყოლილი ღირებულება არ გააჩნიათ და მეტად არასტაბილური ინვესტიციაა.
"ეს Trump Meme ზეიმობს იმ ლიდერის არსებობას, რომელიც რისკების მიუხედავად, არ ნებდება". - წერია კრიპტოვალუტის ვებსაიტზე.