თავდასხმა საბა ბუაძეზე

ბუაძეზე და მანდარიაზე თავდასხმა პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითია - ძლიერი საქართველო

კოალიცია ძლიერი საქართველო მისი ერთ-ერთი ლიდერისა და წევრის, საბა ბუაძესა და რამაზ მანდარიაზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ცნობისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მას და კოალიციის საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას დღეს, 18 იანვარს ორი პირი თავს მოულოდნელად დაესხა. 

აღსანიშნავია, რომ  თავდამსხმელებს ცივი იარაღი ჰქონდათ თან - როგორც ბუაძე განმარტავს, მომხდარ თავდასხმაზე სამართალდამცველებს მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

კოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის წევრებზე თავდასხმა "პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია".

"თავდასხმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია და ადასტურებს, რომ ხელისუფლება ქვეყანის მართვას "ტიტუშკების" დახმარებით, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.

დღეს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, რაიონულ ოფისთან დაუდგენელი პირების, ე.წ ტიტუშკების მიერ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

შენობიდან გამოსულ საბა ბუაძეს, რამაზ მანდარიას და ორგანიზაციის წევრებს ცივი იარაღით და ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა სხეულის დაზიანების მცდელობას.

ადგილზე მისულ პოლიციას ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია. ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ ამოუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი.

დანა ამ დრომდე "ძლიერი საქართველოს" საბურთალოს შტაბში ინახება. არ გამოკითხულა დაზარალებული მხარე, პარტიის წევრები, რომლებიც ასევე იყვნენ თავდამსხმელების სამიზნეები და თვითმხილველები. ამ დრომდე არ ამოღებულა გარე მეთვალყურეობის კამერები.

აქვე, აღვნიშვავთ, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში მარტივად შესაძლებელია.

შსს-ის გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდასხმა წახალისებულია "ქართული ოცნების" ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პოლიტიკური დევნის ნათელი მაგალითი.

ვაფრთხილებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს - ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ ერთი სამხილი იქნება მათ წინააღმდეგ". - წერია კოალიციის განცხადებაში.

კომენტარები