აშშ-ჩინეთი

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო უფრო დაცული იყოს" – დონალდ ტრამპი სი ძინფინგს ესაუბრა

სი ძინფინგი და დონალდ ტრამპი
EPA

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ასევე იყო სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ი, რომლის მუშაობაც აშშ-ში შესაძლოა მალე აიკრძალოს. 

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები ორივე სახელმწიფოსთვის მომგებიანია და არცერთმა მათგანმა არ უნდა სცადოს კონფრონტაციისა და კონფლიქტის პროვოცირება. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ სტრატეგიული კომუნიკაციის არხის შექმნაზე ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხების განსახილველად. 

საუბრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "Truth Social"-ზე დაწერა. 

"ახლახანს ვესაუბრე ჩინეთის პრეზიდენტ სის. სატელეფონო საუბარი ძალიან ნაყოფიერი იყო ორივე ჩინეთისა და აშშ-სთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ჩვენ ერთად ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ. განვიხილეთ ვაჭრობის ბალანსირება, ფენტანილი, TikTok-ი და ბევრი სხვა საკითხი. მე და პრეზიდენტი სი გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მსოფლიო უფრო დაცული და უსაფრთხო გავხადოთ" – წერს ტრამპი.

კომენტარები