რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

Bloomberg: რუსეთზე წნეხისთვის ტრამპის გუნდი ნავთობზე სანქციების გეგმას ამზადებს

დონალდ ტრამპი
Brandon Bell/Getty Images

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები რუსეთის წინააღმდეგ ვრცელ სანქციების სტრატეგიას ამზადებენ, რათა მომდევნო თვეებში რუსეთ-უკრაინას შორის დიპლომატიურად შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყონ. პარალელურად, ისინი აპირებენ, რომ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ წნეხი გაზარდონ. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 იანვარს აშშ-მ რუსეთის ენერგოსექტორისა და ნავთობის გადამზიდი ტანკერების ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მძიმე სანქციები გამოაცხადა, რომლის სამიზნეც 180-ზე მეტი ხომალდი, ათეულობით Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის მოვაჭრე და გემების სადაზღვევო კომპანიები არიან.

Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის გუნდში ორ ძირითად მიდგომას განიხილავენ რუსეთის მიმართ. წყაროების თქმით, თუკი მომავალი ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ უკრაინის ომის მოგვარება ახლოსაა, პირველი მიდგომა გულისხმობს კეთილი ნების ზომების მიღებას, რომელიც სარგებელს მოუტანს იმ დასანქცირებულ რუსული ნავთობის მწარმოებლებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების დადებას შეუწყობენ ხელს.

ხოლო მეორე მიდგომით მომავალი ადმინისტრაცია უკვე არსებულ სანქციებს ახალს დაუმატებს და წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რათა რუსეთზე უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდეს. შესაბამისად, გლობალური ნავთობის ბაზრისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, თუ რომელ მიდგომას აირჩევს ტრამპი.

Bloomberg-ის წყაროების თქმით, ტრამპის გუნდის გეგმები ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია და საბოლოოდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული. Bloomberg-ის ცნობით, რუსეთთან მიმართებით სტრატეგიაზე დისკუსიაში ტრამპის ადმინისტრაციის კანდიდატები და ასევე სანქციების კუთხით ყოფილი მაღალჩინოსნები არიან ჩართული.

წყაროების თქმით, ტრამპის გუნდის მხრიდან რუსეთის მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა ნავთობით ვაჭრობაზე მეორადი სანქციების უფრო ფართოდ აღსრულებას, ხოლო ევროპელი გადამზიდველებისა და აზიელი მყიდველების, მათ შორის, ჩინეთსა და ინდოეთში, დაჯარიმებას მოიცავდეს.

კიდევ ერთი მიდგომა შესაძლოა იყოს უფრო მკაცრი ჩარევა იმ გადამზიდი ტანკერების საქმიანობაში, რომლებსაც რუსული ნავთობი დანიური და თურქული პუნქტების გავლით გადააქვთ.

შედარებით მსუბუქი მიდგომის არჩევის შემთხვევაში, აშშ-მ შესაძლოა ზოგადი ლიცენზიები გამოსცეს და ბარელზე $60-იანი საფასურის ზღუდე მოხსნას, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე რუსული ნავთობის გაყიდვას.

აშშ-ს სენატში ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ სანქციები მთავარი ნაწილია იმ ბერკეტის, რომლითაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი.

ამას გარდა, ტრამპის გუნდი ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სტრატეგიის შემუშავებითაც არის დაკავებული. წყაროების თქმით, ტრამპის მთავარ მრჩევლებს შორის ზოგადი კონსენსუსია, რომ ირანის წინააღმდეგ "მაქსიმალური ზეწოლა" უნდა დააბრუნონ, რისთვისაც თავდაპირველად სანქციების პაკეტი უნდა დაწესდეს, რომლის მიზანიც ნავთობის ინდუსტრიაში მთავარი მოთამაშეები იქნებიან.

ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, მსგავსმა მიდგომამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ირანული ნავთობის ექსპორტი, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ირანმა ექსპორტი კვლავ გაზარდა.

ეს ცნობები თანხვედრაშია რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის მიერ 12 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში, როდესაც მან თქვა, რომ მსოფლიო ირანის წინააღმდეგ "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს, რათა ირანი უფრო დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს.

კომენტარები