აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტის საუბარს გამოეხმაურა, რომელიც პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა. ტელევიზიამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ემიჯნება ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოხატვას.
გამოშვება "მთავარის" წამყვანი იმყოფებოდა მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ გამოშვების მიმდინარეობისას სტუდიაში უნებართვოდ იმყოფებოდა გარეშე პირი (ეთერ თურაძე რომელიც უნებართვოდ შემოვიდა მაუწყებლის შენობაში), რომელსაც ჩართული ჰქონდა ფეისბუქ ლაივი, რასაც მოჰყვა წამყვანის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელში, რაც გახდა მისი აღელვების მიზეზი.
ჩვენ ბოდიშს ვიხდით აღნიშნულის გამო და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვემიჯნებით ჰომოფობიის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას". – წერია აჭარის საზმაუს განცხადებაში.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შემთხვევით გავიდა წამყვან ქეთევან ბოლქვაძისა და ამ ეტაპზე უცნობი კაცის ლაპარაკი.
ბოლქვაძე ყვება, თუ როგორ ჩაიარა ეთერმა ჟურნალისტ ეთერ თურაძესთან, რომელსაც როგორც შემთხვევითი ჩანაწერიდან ირკვევა აჭარის საზმაუს ხელმძღვანელობამ ეთერი დაუთმო. თურაძემ პირდაპირ ეთერში მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების შესახებ ილაპარაკა.
პირდაპირ ეთერში ბოლქვაძემ თურაძე რამდენჯერმე დაადანაშაულა "შემოვარდნაში" და "ხელის შეშლაში", ხოლო თანამშრომელთან საუბარში ბოლქვაძე აღიარებს, რომ თურაძეს მისთვის ხელი არ შეუშლია, თუმცა მისი იქ ყოფნა იყო "დამძაბველი და დამთრგუნველი".
გარდა ამისა, ბოლქვაძემ რამდენჯერმე შეურაცხყმყოფელი ჰომოფობიური ტერმინი გამოიყენა მოქალაქე გიგა გელხვიძის მისამართით.