რუსეთი-სომხეთი

პესკოვი: აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული სტაბილიზატორის როლი არასდროს უთამაშია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევას. მისი თქმით, ვაშინგტონი დესტაბილიზაციის როლს ასრულებს რეგიონში.

„აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული სტაბილიზატორის როლი არასდროს უთამაშია, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ აშშ ამ რეგიონში უფრო მეტი ქვეყნის თავის გზაზე მოქცევას ცდილობს“ - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის პროცესებში მნიშვნელოვანი დივიდენდები არსებობს, მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აშშ-სა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ანი ბადალიანი ავრცელებს.

კომენტარები