აშშ-ქართული ოცნება

აშშ-სთვის ძალიან რთულია გაყალბებულ არჩევნებზე დაფუძნებული მთავრობის აღიარება – სტივ კოენი

სტივ კოენი
abc news

აშშ-ს ჰელსინკის თანათავმჯდომარემ და ქართული კოშმარის არაღიარების აქტის თანაავტორმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და კონგრესში წარდგენილ ორ კანონპროექტზე ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კოენი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა შეაჩეროს, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. მისივე თქმით, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის უმეტესობა საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით არის დაინტერესებული, რისთვისაც "ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება" არის საჭირო. 

კონგრესმენმა ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილს "ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს" და "მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია". 

"“ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით. და ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [Საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია.

მას ქართველი ხალხი დასავლეთისგან შორს მიჰყავს, იქიდან, სადაც ვფიქრობ მას სურს, რომ იყოს. მიჰყავს რუსეთთან უფრო ახლოს, სადაც თავად მისი გული და მისი ფულია. ესაა მისი მიმართულება. ეს სამწუხარო სიტუაციაა". - თქვა კოენმა.

კოენმა MEGOBARI Act განმარტა და თქვა, რომ კანონპროექტით "კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაში მხილებული" პირები დასანქცირდებიან და დაისახება გზები, რომლითაც ქვეყანა აშშ-სთან ურთიერთობისთვის დაბრუნებას შეძლებს. 

"გვაქვს “მეგობარი აქტი”, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე “კოშმარულ გუნდს” ვუწოდებ - ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა". - თქვა კოენმა.

კონგრესმენმა ასევე ისაუბრა ახლახან წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარებას ეხება. 

"მაგრამ ახლა, ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით.

გვაქვს კიდევ ერთი აქტი - რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა". - თქვა კოენმა. 

კოენმა 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა ქართულ ოცნებაზე დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა "ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია". მისივე თქმით, ივანიშვილი არჩევნების შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში ნახა და ის "ხალხის ადამიანივით" არ გამოიყურებოდა. კოენი ამბობს, რომ ივანიშვილი საკუთარ თავს ხალხზე ზე მდგომად მიიჩნევს და მიიჩნევდა და მისი "სახლიც მთის წვერზე დგას".

"მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი, არჩევნებს ვაკვირდებოდი. მოქალაქეები ქართული ოცნების მიმართ ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი, რადგან ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი იყო ქართული ოცნება და ის მოუტანდა ქვეყანას რეფორმებს. მაშინდელ პრეზიდენტს ბრალდებოდა და ვფიქრობ, მართლაც ჰქონდა ციხეებში არაადამიანური პირობები, და ის ქვეყანას არ მართავდა ისე, როგორც უნდა ემართა, მაგრამ ივანიშვილმა ყველა ეს ოცნება დაამსხვრია და ისინი კოშმარად აქცია. [...]

ხალხი არჩევნების ღამეს თბილისის ქუჩებში იყო გამოსული და მის შედეგებს ზეიმობდა. შემდეგ კი ეს ზეიმი სრულებით შეიცვალა. მე ივანიშვილი მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში ვნახე. და ჩემთვის ის არ გამოიყურებოდა, როგორც “ხალხის ადამიანი”, ხალხის წარმომადეგენელი. ისაა კაცი, რომლის სახლიც მთის წვერზე დგას, ის მაშინვე სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ის საკუთარ თავს ხალხზე ზემოთ მდგომად მიიჩნევდა და მას შემდეგ სულ ასე მიიჩნევს. ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა". - თქვა კოენმა. 

ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ დასმულ კითხვაზე კოენმა თქვა, რომ ის მთელ მთავრობაში არაფორმალურად ყველაზე გავლენიანი პირია და ყველაფერს აკონტროლებს, ხოლო მოგვიანებით დამატებითი სანქციებიც ოფიციალური პირების მიმართაც იქნება.

"ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა". - თქვა კოენმა.

კითხვას, თუ რა შრეს ამატებს არაღიარების შესახებ კანონპროექტი MEGOBARI Act-ს და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, კოენმა უპასუხა, რომ აშშ-ს არალეგიტიმურ მთავრობასთან ურთიერთობა არ ექნეაბ. მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა საბაზისო სტანდარტია მსოფლიოში დემოკრატიის წასახალისებლად, საქართველოში კი ახლა ასეთი არჩევნები არ ტარდება.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვექნება ურთიერთობა არალეგიტიმურ მთავრობასთან მანამ, სანამ არ დამტკიცდება, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი, ახალი არჩევნები. ეს უბრალოდ საბაზისო სტანდარტია, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ - რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომ წავახალისოთ დემოკრატია მთელ მსოფლიოში. და ახლა საქართველო არაა ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც ამას აკეთებს". - თქვა კოენმა. 

კოენი აღნიშნავს, რომ ახლანდელი მოცემულობით არაღიარებასა და მმართველი პარტიის კრიტიკას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

"ახლა ნამდვილად ასეა. [არაღიარების აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს] ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე [რესპუბლიკელი] უილსონისა და სხვა რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებიც მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების მტკიცე მხარდამჭერები არიან". - თქვა კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კოენმა ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ თუ მმართველი პარტია ოფიციალური შედეგებით და ახლანდელი მოცემულობით განაგრძობს მუშაობას, საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში არ გაწევრიანდება, არამედ რუსეთს დაუახლოვდება, ქართველების უფლებები "გადაითელება", ივანიშვილი კი საკუთარ ძალაუფლებას გაზრდის. 

"ვფიქრობ, ეს ქართველებს ნაკლებ თავისუფლებას ჰპირდება. და მეტ ურთიერთობას რუსეთთან. [ისინი] არ იქნებიან ნატოს წევრები, არ იქნებიან ევროკავშირის წევრები, როგორც ეს სურდათ. ეს არ მოხდება და [ამის ნაცვლად] მათ დააახლოვებენ “ბოროტების ღერძს”, კონკრეტულად კი რუსეთს. მათი უფლებები გადაითელება. ივანიშვილი კი უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოიხვეჭს, ასევე, მისი მეგობრებიც. ქართველი ხალხი კი დამარცხებული დარჩება". - თქვა კოენმა. 

კოენი, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად, კონგრესში წარდგენილი ქართული კოშმარის არაღიარების აქტის თანაავტორია. 

კანონპროექტის სათაურში წერია, რომ მისი მიზანია აიკრძალოს აშშ-ს მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან სხვა ნებისმიერი საქართველოს მთავრობის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, აღიარება.

ამჟამად ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ კომიტეტებში განსახილველად არის გადაგზავნილი.

კომენტარები