პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ გაცემულია დაკავების ორდერის მიუხედავად, ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლონეთში ჩასვლისთანავე არ დააკავებენ.
პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას მრჩევლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, რომელიც ოპოზიციური პარტიის კანონისა და სამართლიანობის (PiS) წარმომადგენელია, ამ კვირაში წერილობით მიმართა მთავრობას თხოვნით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დააკავონ, თუ ის გადაწყვეტს 27 იანვარს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების ღონისძიებას დაესწროს.
პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის კანცელარიამ ხუთშაბათს გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ისრაელის ლიდერების უსაფრთხო მონაწილეობას ღონისძიებებში" უზრუნველყოფილი იქნება.
"ვადასტურებ, რომ იქნება ეს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი თუ განათლების მინისტრი, როგორც ეს ახლა გამოცხადებულია, ვინც აუშვიცის ღონისძიებებისთვის ოსვიციმში ჩამოვა, იქნება უსაფრთხოდ და არ იქნება დაკავებული" - განაცხადა ტუსკმა.
ტუსკმა აღნიშნა, რომ რეზოლუცია კონკრეტულად აუშვიცის ღონისძიებებზე ვრცელდება.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი არ აღმოჩნდეს იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ღიად და დემონსტრაციულად უგულებელყოფენ საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებებს" - დაამატა მან.
21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".
"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, 9 იანვარს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.