სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაპატიმრების ორდერების გაცემის გამო, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
Reuters-ის ინფორმაციით, კენჭისყრა "არალეგიტიმური სასამართლოს წინააღმდეგ მოქმედების აქტის" სასარგებლოდ დასრულდა - 243 ხმით 140-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მხარდაჭერაში 198 რესპუბლიკელს 45 დემოკრატი შეუერთდა, ხოლო კანონპროექტის წინააღმდეგ არცერთ რესპუბლიკელს არ მიუცია ხმა.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ნებისმიერი უცხოელი პირისთვის, ვინც იძიებს, აპატიმრებს, აკავებს ან ბრალს სდებს აშშ-ს ან მოკავშირე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის, მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან ამ სასამართლოს წევრები.
"აშშ იღებს ამ კანონს, რადგან რაღაც არაკომპეტენტური სასამართლო ცდილობს ჩვენი დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაპატიმრებას" - თქვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ბრაიან მასტმა, კენჭისყრამდე პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".
"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერმინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდენის გაცემას.
ბაიდენი გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელს" უწოდებს და ამბობს, რომ აშშ ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.
"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. მინდა კიდევ ერთხელ გარკვევით ვთქვა: რა მინიშნებაც არ უნდა გააკეთოს ICC-მ, არანაირი ტოლობა არ არსებობს ისრაელსა და ჰამასს შორის" – წერია ბაიდენის განცხადებაში.