ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება

ISFED აპირებს "კონსტიტუციის 78-ე მუხლთან" ერთად 50-ზე მეტი საჯარო მოხელის გამო იჩივლოს

აქცია რუსთაველზე, 4 იანვარი
ტაბულა

სამართლიანი არჩევნები [ISFED] წერს, რომ საჯარო მოხელეებს უწყებებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლთან ერთად 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოში სარჩელს წარადგენს. 

"სამართლიანი არჩევნები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. სამართლიანი არჩევნები და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი, მუშაობენ საჯარო სამსახურებიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული და რისკის ქვეშ მყოფი საჯარო მოსამსახურეების უფლებების დაცვაზე და ერთობლივად, ამ ეტაპზე 50-ზე მეტი საჯარო მოსამსახურის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით გეგმავენ სარჩელის წარდგენას სასამართლოში." - წერია განცხადებაში.

ISFED განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით საგანგაშო საჯარო მოხელეების დასაბუთების გარეშე გათავისუფლებაა. ორგანიზაცია წერს, რომ მოხელეებს ფორმალურ მიზეზებს ეუბნებიან, თუმცა რეალური მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებია.

"განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოთ აღნიშნულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებები ხორციელდება ყოველგვარი დასაბუთებისა და გამჭვირვალე პროცედურების გარეშე. საჯარო დაწესებულებები იყენებენ ფორმალურ საფუძვლებს, როგორიცაა რეორგანიზაცია ან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლება, თუმცა რეალური მიზეზები აშკარად პოლიტიკური ან განსხვავებული შეხედულებების გავრცელების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნას ეხება. რიგ შემთხვევაში, გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გათავისუფლებები როგორც ცენტრალური, ისე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს შეეხო." - წერს ISFED განცხადებაში.

ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში, საჯარო უწყებებიდან მოხელეების გათავისუფლება კიდევ უფრო მარტივი ხდება.

"კვალიფიციურ და გამოცდილ საჯარო მოსამსახურეთა უკანონო გათავისუფლება, საჯარო სამსახურში პოლიტიკური ზეგავლენის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად დააზიანებს საჯარო დაწესებულებების ეფექტიან ფუნქციონირებას." - წერს ISFED.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დარეკეთ ან გაგზავნეთ შეტყობინება: 0 800 100 143-სა ან [email protected]ზე.

კომენტარები