ოკუპირებული ტერიტორიები

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული 3 მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით,  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, ივანე ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან და ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

სუს-ის თანახმად, საოკუპაციო ძალებმა ლუტიძე და მამასტარაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ლობჟანიძე კი ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაში ხელისუფლების "ხელთ არსებული ყველა რელევანტურ ინსტრუმენტთან" ერთად აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) "ცხელი ხაზის" მექანიზმიც.

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები