იტალია

ირანმა 3 კვირის წინ დაკავებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა გაათავისუფლა

ირანიდან გათავისუფლებული იტალიელი ჟურნალისტი, სესილია სალა რომის აეროპორტში, 8 იანვარი, 2025
Filippo Attili, Italian Government Office via Ap

იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა, რომელიც ირანში სამი კვირით იყო დაკავებული, 8 იანვარს გაათავისუფლეს. იგი უკვე სახლში დაბრუნდა.

თვითმფრინავი, რომელშიც 29 წლის სალა იმყოფებოდა, რომის ჩამპინოს აეროპორტში დაჯდა, სადაც მას ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი ოჯახის წევრებთან ერთად დახვდა.

ცნობა იმის შესახებ, რომ სალა სახლში ბრუნდებოდა, მელონის სამსახურმა გაავრცელა და დაამატა, რომ პრემიერმა პირადად აცნობა სალას მშობლებს მისი გათავისუფლების შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მისი გათავისუფლება "დიპლომატიური და სადაზვერვო არხების მეშვეობით მთავრობის ინტენსიური მუშაობის" შედეგად გახდა შესაძლებელი.

თავის მხრივ, ირანულმა მედიამ, უცხოურ ცნობებზე დაყრდნობით, სალას გათავისუფლებაზე ინფორმაცია გააშუქა.

გამოცემა Il Foglio daily-ს რეპორტიორი, სესილია სალა 19 დეკემბერს დააკავეს, როდესაც იგი ჟურნალისტური ვიზით თეირანში ჩავიდა. ირანული სამთავრობო მედია IRNA News-ის თქმით, მას ბრალად ისლამური რესპუბლიკის კანონების დარღვევა ედებოდა.

თუმცა, იტალიაში ვარაუდობდნენ, რომ სალა ირანმა მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოყენების მიზნით დააკავა, რათა იტალიაში დაკავებული მოჰამად აბედინის გამოშვება უზრუნველეყო. აბედინი მილანის აეროპორტში სალას დაკავებამდე სამი დღით ადრე, 16 დეკემბერს, აშშ-ს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აბედინის და კიდევ ერთ ირანელს ირანისთვის იმ დრონების ტექნოლოგიის მიწოდებაში სდებს ბრალს, რომელიც 2024 წლის იანვარში იორდანიაში მდებარე აშშ-ს ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში იყო გამოყენებული, რასაც სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

აბედინი ამ დროისთვის იტალიაში კვლავ პატიმრობაში რჩება, თუმცა მან მილანის სასამართლოს შინაპატიმრობაში დატოვება სთხოვა მანამ, სანამ აშშ-ში მის ექსტრადიციაზე სხდომა გაიმართება.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ აღნიშნა, რომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მელონის ვიზიტმა საერთაშორისო დონეზე პრემიერმინისტრის გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა.

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში 5 იანვარს ეწვია.

კომენტარები