უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР) მონაცემებით, 3 იანვარს რუსეთში, ივანოვოს ოლქის ქალაქ შუიაში აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა რუსი სამხედრო მეთაური კონსტანტინ ნაგაიკო.
როგორც იუწყება უკრაინის დაზვერვა, ნაგაიკო 2023 წელს ხარკოვის ოლქის სოფელ გროზას ერთ-ერთ კაფეზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა, რომელსაც 59 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქის, მათ შორის 8 წლის ბიჭის, სიცოცხლე ემსხვერპლა.
ГУР-ის ინფორმაციით, 3 იანვარს ქალაქ შუიაში აფეთქება მოხდა, რომლის ეპიცენტრშიც აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის 1-ლი სატანკო არმიის 112-ე სარაკეტო ბრიგადის ჯგუფის მეთაური, კაპიტანი კონსტანტინ ვლადიმირის ძე ნაგაიკო.
ნაგაიკოს აღენიშნება სხეულის თითქმის ყველა ორგანოს, მათ შორის ტვინის, დაზიანება. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის 112-ე სარაკეტო ბრიგადაში ვრცელდება ხმები, რომ ნაგაიკოს გადარჩენის შანსი თითქმის არ აქვს - მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, ნაგაიკო უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში, მათ შორის, კაპიტანი ნაგაიკო მონაწილეობდა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტებით სუმისა და ხარკოვის ოლქებში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე მიტანილ დარტყმებშიც.





