აშშ-ში, ლას-ვეგასში Trump International Hotel-ის წინ Tesla-ს მანქანა, Cybertruck აშშ-ს ჯარისკაცმა, მეთიუ ლიველსბერგერმა ააფეთქა, აფეთქებამდე კი თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
კლარკის ოლქის კორონერმა დაადგინა, რომ ლიველსბერგერის სიკვდილის მიზეზი თოფის გასროლით თვითმკვლელობა იყო.
აფეთქების შედეგად ახლოს მყოფი 7 ადამიანი დაშავდა. კლარკის ოლქის შერიფმა, კევინ მაკმაჰილმა თქვა, რომ ლიველსბერგერი სავარაუდოდ უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ Cybertruck-მა აფეთქების შედეგად გამოყოფილი ძალის დიდი ნაწილი შთანთქა.
"დახვეწილობის ეს დონე არ არის ის, რასაც ამ ტიპის სამხედრო გამოცდილების მქონე პირისგან მოველოდებით". - თქვა ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღების ბიუროს სპეციალურმა აგენტმა, კენი კუპერმა.
მაკმაჰილის თქმით, მანქანის შიგნით დამწვარ საგნებს შორის პისტოლეტი, სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, ფეიერვერკები, პასპორტი, სამხედრო ID, საკრედიტო ბარათები, iPhone-ი და სმარტვოჩი აღმოაჩინეს. ორივე იარაღი კანონიერად იყო ნაყიდი.
გამოძიებას ჯერჯერობით მოტივი არ დაუდგენია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სპეციალური აგენტის, სპენსერ ევანსის თქმით, არ გამორჩენიათ, რომ აფეთქება Trump International Hotel-ის წინ Tesla-ს მანქანით მოხდა, მაგრამ ამჟამად ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.
"არ გამოგვრჩენია, რომ ეს ტრამპის შენობის წინ მოხდა და რომ Tesla-ს მანქანა არის, მაგრამ ამჟამად არ ვფლობთ ინფორმაციას, რომელიც დაზუსტებით გვეტყვის ან მიუთითებს, რომ ამ კონკრეტული იდეოლოგიის გამო იყო". - თქვა ევანსმა.
როგორც Associated Press სამართალდამცავ ორგანოში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, გამომძიებლებმა გამოკითხვებით დაადგინეს, რომ მანქანის დაქირავებამდე და იარაღების ყიდვამდე მცირე ხნით ადრე კაცს შესაძლოა საკუთარ ცოლთან მათ ურთიერთობაზე ჩხუბი მოსვლოდა.
37 წლის ლიველსბერგერი 2006 წლიდან აშშ-ს არმიის სპეცდანიშნულების ძალებში, ე.წ. მწვანე ბერეტებში მსახურობდა, რომლებიც მსოფლიოს გარშემო ტერორიზმთან ბრძოლასა და პარტნიორების წვრთნას ემსახურება.
აშშ-ს არმიის ცნობით, ლიველსბერგერი ორჯერ ავღანეთში იმყოფებოდა და ასევე მსახურობდა საქართველოში, ტაჯიკეთში, კონგოსა და უკრაინაში.
ლიველსბერგერი ჯამში 5 ბრინჯაოს ვარსკვლავით იყო დაჯილდოებული.
2 იანვარს ლას-ვეგასში Trump International Hotel-ის შესასვლელთან Tesla-ს მანქანა Cybertruck აფეთქდა. აფეთქების შედეგად მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლოს მყოფი რამდენიმე პირი დაშავდა.





