ინფლუენსერი ძმები, ენდრიუ და ტრისტან ტეიტები, შაბათს მაიამიში დააკავეს მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პროკურატურამ მათ წინააღმდეგ გაუპატიურებისა და სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ახალი ბრალდებები წარადგინა.
ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის განცხადებით, ახალი საქმე ოთხ დამატებით სავარაუდო მსხვერპლს უკავშირდება და ეფუძნება ბედფორდშირის პოლიციის მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებს. ბრალდებები მოიცავს გაუპატიურებას, ფიზიკურ ძალადობას, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგს, ასევე ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალებისა და ექსტრემალური პორნოგრაფიის ფლობასთან დაკავშირებულ დანაშაულებს.
39 წლის ენდრიუ ტეიტს დამატებით წაუყენეს შვიდი ეპიზოდი გაუპატიურების, სამი ეპიზოდი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის ორგანიზების ან ხელშეწყობის, სამი ეპიზოდი ფიზიკური ძალადობის, ასევე 19 ბრალდება, რომლებიც ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალებსა და ექსტრემალურ პორნოგრაფიას უკავშირდება.
38 წლის ტრისტან ტეიტს კი ბრალად ედება ერთი ეპიზოდი სექსუალური ძალადობის, ორი ეპიზოდი გაუპატიურებისა და სამი ეპიზოდი სექსუალური ტრეფიკინგის ორგანიზების ან ხელშეწყობის.
ძმები ბრიტანეთში უკვე სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც არიან ბრალდებულები. საქმე 2012-2015 წლებში სამ სავარაუდო დაზარალებულთან მიმართებით გაუპატიურებას, სხეულის დაზიანებას, ადამიანებით ვაჭრობასა და პროსტიტუციის კონტროლს უკავშირდება. თავად ტეიტები ყველა ბრალდებას უარყოფენ.
ენდრიუ და ტრისტან ტეიტები აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეები არიან. ისინი სოციალური ქსელებით გახდნენ ცნობილი, სადაც მამაკაცთა დომინირებისა და ქალთმოძულე შეხედულებების პოპულარიზაციას ეწეოდნენ. ენდრიუ ტეიტი ყოფილი პროფესიონალი კიკბოქსიორია და სოციალური ქსელ X-ზე 10 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, თუმცა სიძულვილის ენის პოლიტიკის დარღვევის გამო YouTube-დან, TikTok-იდან და Instagram-იდან დაბლოკილია.
ტეიტების წინააღმდეგ პარალელურად მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები რუმინეთშიც. ისინი 2022 წლის ბოლოს ორ რუმინელ ქალთან ერთად დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი ქალებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით იტყუებდა. ეს საქმე პროცედურული და სამართლებრივი მიზეზებით ჯერ დასრულებული არ არის, ხოლო ძმები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ტეიტებმა რუმინეთი 2025 წლის თებერვალში დატოვეს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათთვის დაწესებული მოგზაურობის შეზღუდვა მოხსნა. ისინი კერძო თვითმფრინავით ფლორიდაში ჩავიდნენ. იმ პერიოდში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ტეიტების საქმის მიმართ ინტერესი გამოხატა, თუმცა თავად ტრამპმა თქვა, რომ ამ საქმეზე „არაფერი იცოდა“.





