ახალი 2025

სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მილოცვა

Facebook/სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა და ახალი 2025 წელი მიულოცა და უსურვა, რომ ახალი წელი "ნამდვილი გამარჯვების წელი" იყოს, როდესაც "ყველაფერს" დავძლევთ, "რაც ჩვენში შეიძლება არ იყოს საკმარისი, შეიძლება იყოს ცუდი". 

მეხუთე პრეზიდენტი წინა წლის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს - ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, 2023 წლის ბოლოს  საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, შემდგომ კი სპორტში წარმატებებს მიაღწია, თუმცა, მეორე მხრივ, 2024 წელს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონები მიიღო და მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. 

ზურაბიშვილმა, რომელიც მიმართვისას რიგ სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებთან ერთად იდგა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის მნიშვნელობას.

მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება ალბათ გაგრძელდება, მაგრამ აღნიშნა, რომ "ესეც გამარჯვება არის", რადგან ამ საჯარო მოხელეებმა იციან, რომ "ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს". მისივე თქმით, მომავალი ასეთ საჯარო მოხელეებს ეკუთვნით, რადგან "სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე". 

ზურაბიშვილმა ისაუბრა სახელმწიფოებრიობის დაცვის მნიშვნელობაზეც - მისი თქმით, საუკუნეების ბრძოლის შემდეგ მას "ვიცავთ რუსებისგან გარეთ" და "ვიცავთ შიდა რუსებისგან". მეხუთე პრეზიდენტმა დაამატა, რომ უცნობია, რატომ დგანან ადამიანები "იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე", მაგრამ აღნიშნა, რომ ეს დაყოფაც ვერ გაძლებს და ქართველი ერი ერთიანობას დაუბრუნდება. 

კარგიც უნდა გავიხსენოთ, ეს იყო წელი დიდი ერთიანობის, როცა მივიღეთ კანდიდატის სტატუსი წინა წლის ბოლოს და იანვარში კიდევ  ვიყავით აღტაცებულნი და გახარებულნი ამ არაჩვეულებრივი ნაბიჯით. ჩვენ ვიყავით ერთნი და გახარებულნი, როცა საქართველო გავიდა ევროპულ ასპარეზზე ფეხბურთით. ჩვენ ვიყავით ერთიანნი და გახარებულნი, როცა ვიმარჯვებდით ოლიმპიურ თამაშებზე და როცა ქართულ დროშას ვუყურებდით და ქართულ ჰიმნს ვუსმენდით. ჩვენ ვიყავით ერთად და ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთად იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან ძლიერი.

ამ წელმა სხვა რაღაცებიც მოგვიტანა, ეს წელი იყო რუსული კანონისა და რუსული კანონების წელი, ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი სულის წინააღმდეგ, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ და ამდენად, არ ვიცი როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში, შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე გავიხსენოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გავიარეთ ეს წელი, ჩვენ მოვედით ბოლომდე.

დღეს მე გილოცავთ ახალ წელს, ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ ადამიანების, იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს დღეს, 86 ადამიანი და გუშინ და გუშინწინ და ეს ალბათ გაგრძელდება, მაგრამ ესეც გამარჯვება არის, ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი არასოდეს არ უნდა იდგეს და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩემთან არიან, არიან გამარჯვებულნი, არიან ძლიერნი და მომავალი მათი არის იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი, ღირსეული საჯარო მოხელე - ეს არის საყრდენი, ეს არის მეხსიერება, ეს არის ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს და ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე ღირსეული და ყველაზე ძვირფასი არის სწორედ სახელმწიფო.

საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის, მხოლოდ ადამიანებიც არ არის, არის სწორედ ის, რაც მოგვდის საუკუნეების შემდეგ, რაც შეიქმნა ძველად ბრძოლით, გაუთავებელი ბრძოლით და რაც ჩამოყალიბდა, როგორც სახელმწიფო, ამას ვიცავთ ჩვენ დღეს, ვიცავთ რუსებისგან გარეთ, ვიცავთ შიდა რუსებისგან, ბევრნი არიან თუ ცოტანი არიან. 

არ ვიცით, ვინ რისთვის დგას იმ მხარეს, რომელიც არ არის საქართველოს მხარე, მაგრამ ეს დაყოფა, დაყოფაც არ გაძლებს იმიტომ, რომ დადგება ის დრო, როცა ისევ დავუბრუნდებით სწორედ ერთობას, ერთიანობას, რადგანაც ეს არის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამითი გადავრჩებით, ჩვენ ამითი გადავრჩით საუკუნეების განმავლობაში, როცა ერთად ვიყავით და დღეს ის, რაც ხდება, [...] არის ნამდვილი სასწაული, დღეს, როცა გაიშალა ეს უზარმაზარი სუფრა რუსთაველზე, რომელიც სწორედ არის ერთიანობის სუფრა, სიყვარულის სუფრა, მომავლის სუფრა. ამითი ჩვენ ყველგან გავალთ, ამითი ჩვენ ყველას გავაკვირვებთ, ამითი ჩვენ ჩვენს თავს გავაკვირვებთ, როცა ერთად, ახლა მალე ვიმღერებთ მრავალჟამიერს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სული, ჩვენი ძალა, რასაც ვერავინ ვერასოდეს ვერ წაგვართმევს.

ამიტომ, მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ 2025 წელი, როგორც ნამდვილი გამარჯვების წელი, გამარჯვების წელი ჩვენს თავზე, რომ ყველაფერი დავძლიოთ, რაც ჩვენში შეიძლება არ იყოს საკმარისი, შეიძლება იყოს ცუდი, დავძლიოთ ყველაფერი, დავძლიოთ ერთად და ვიყავით ყველანი გამარჯვებულნი.

გილოცავთ ახალ წელს!

კომენტარები