ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის დატოვებისას

29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ სასახლეს დატოვებდა და მათთან ერთად იქნებოდა.

"6 წლის წინ დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე, კიდევ უფრო, თქვენ მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ დღეს აქ. ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში, თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები" - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილისა და ოცნების სხვა წარმომადგენლების მიმართ ორბელიანების სასახლეში მისვლის ვადა დღეს ამოიწურა, პასუხად კი მუქარა და ცინიზმი მიიღო

"ეს იყო ჩემი მოწოდება, ეს იყო ჩემი შეთავაზება. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ, როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო?

პასუხი იყო მუქარა ჩემ მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც ასევე, ამას არანაირი შედეგი არასოდეს არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად, ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ" - თქვა მე-5 პრეზიდენტმა. 

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ზურაბიშვილმა პაროდია უწოდა. 

 "პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. 

და იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის განსხვავებული ეს ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმურნი, არ აღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალნი, ლაღი, მშვიდნი, ძალიან მშვიდნი და ჩვენთან არის სიმართლე, იმიტომ, რომ ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ" - თქვა ზურაბიშვილმა.

მე-5 პრეზიდენტმა ისაუბრა "ტოტალურ კრიზისზე", რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და არჩევნების "მიტაცებას" მოჰვა. მისი თქმით, პოლიცია დიდხანს, ალბათ, ვერ მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს. 

"კრიზისი ამით არის ტოტალური, რღვევა და თვით ამ მმართველ პარტიაში, რასაც ვხედავთ და უკვე ვგრძნობთ, რომ შიგნით შეიქმნა უნდობლობა, მთავრობაში, ძალოვნებში და ეს მოვისმინეთ გუშინ, თუ რა ხდება შიგნით, რომ არ შეიძლება, რომ ჩვენი პოლიცია, რომელმაც ბევრი რამე გაიარა და ბევრი მოითმინა ალბათ, მაგრამ დღეს რამდენად ითმენს და მოითმენს, რომ კრიმინალური ვერტიკალი მართავდეს მას, ალბათ დიდხანს არა" - თქვა მე-5 პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, აპირებს ბიზნესის წარმომადგენლებსა და რეგიონებში იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებში იღებენ მონაწილეობას. მე-5 პრეზიდენტი გეგმავს წარმომადგენლობითი ოფიციალური ვიზიტების გაგრძელებასაც. 

"გავალ რეგიონებში, უნდა შევხვდე იქ ადგილზე, სხვადასხვა ქალაქებში, იმ ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. ბათუმში, ქუთაისში, სადაც შევძლებ ამ დღეებში და ამ კვირებში გავალ იქაც ვიქნები. ახლა ტელევიზიებიდან გელაპარაკებით, მაგრამ ვიქნები თქვენთან ერთად და უკვე მაქვს არაერთი შეთავაზება ოფიციალური ვიზიტების, რომლებსაც გავაგრძელებ თქვენი სახელით. იმისთვის, რომ გარეთ, იმ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება" - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები