რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო, შემდეგი პროცესის თარიღად 13 იანვარი ჩაინიშნა.
პროცესის გადადების საფუძველი ამჯერად პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გახდა, რომელიც მოსამართლე ნათია გუდაძემ გაითვალისწინა და სხდომა გადადო.
ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის, დავით გამყრელიძის თქმით, პროცესის ჩატარება იმიტომ ჭიანურდება, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოასწროს მათი შეწყალება.
"სამართლებრივი კუთხით, პროცესი უნდა შემდგარიყო დღეს, დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, ასევე დაცვის მხარეს, დასრულებულიყო, გასულიყო მოსამართლე სათათბირო ოთახში და გამოეტანა განაჩენი. რატომ გადაიდო პროცესი ამას მე ვერ გეტყვით. ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რომ არ მოხდეს ამ ბავშვების შეწყალება.
პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, რომ იმ დღესვე შეიწყალოს კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, თუმცა, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული მოსამართლის ასეთი ქცევა. პროკურატურას აქვს ასეთი სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საქმეებია ისინი ყოველთვის ასეთი სტილით დებენ საქმეებს. [...] წინაზეც ვთხოვეთ პროკურორს, რომ მოსულიყო და თავისი დასკვნითი სიტყვა თქვა, ახლა უკვე შეწყალებული ეყოლებოდა ეს ბავშვები პრეზიდენტს". - თქვა გამყრელიძემ.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.