რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შობის დღეს რუსეთის იერიშის შემდეგ, ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას იარაღის მიწოდებას გაუზრდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

25 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო შობის დღეს უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბური იერიში, რომელმაც მნიშვნელოვანი ენერგოსისტემა დააზიანა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდილ მიწოდებას გააგრძელებს.

ბაიდენის თქმით, "ამ აღმაშფოთებელი იერიშის მიზანი იყო, რომ ზამთრის პერიოდში უკრაინელი ხალხისთვის გათბობასა და ელექტროენერგიაზე წვდომა შეეჩერებინა და კითხვის ქვეშ დაეყენებინა მისი [უკრაინის] ელექტროგადამცემი ქსელის უსაფრთხოება".

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე "არაადამიანური" უწოდა აღნიშნულ იერიშს, რომელმაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსული ძალების მიზნებს მიაღწია.

ბაიდენმა დაამატა, რომ "ბოლო თვეებში აშშ-მ უკრაინას ასეულობით საჰაერო თავდაცვის რაკეტები მიაწოდა, და კიდევ მეტი გზაშია".

"მე დავავალე თავდაცვის დეპარტამენტს, გაგრძელოს შეიარაღების გაზრდილი მიწოდება უკრაინისთვის, და აშშ გააგრძელებს დაუღალავად იშრომოს, რათა გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები რუსული ძალების წინააღმდეგ თავდაცვაში". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შობის ღამით უკრაინაზე რუსული იერიში ასევე გააკრიტიკა უკრაინაში ტრამპის მომავალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა. კით კელოგის თქმით, "შობა მშვიდობის დრო უნდა იყოს, თუმცა, შობის დღეს უკრაინას სასტიკად დაესხნენ თავს".

"დრონებითა და რაკეტებით ფართომასშტაბიანი იერიშები უფლის შობის დღეს არასწორია. მსოფლიო ახლოდან აკვირდება ორივე მხარის ქმედებებს. აშშ-ს ისე, როგორც არასდროს, აქვს განზრახული, რომ რეგიონში მშვიდობა დაამყაროს". - წერს კელოგი.

კომენტარები