აშშ-ს სენატმა მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან აცილების მიზნით, დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 85-მა სენატორმა მისცა, 11 კი წინააღმდეგი იყო. რამდენიმე საათით ადრე ამავე კანონპროექტს მხარი დაუჭირეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში.
ამასთან, კანონპროექტი არ მოიცავს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას ვალის ზედა ზღვარის გაზრდის შესახებ.
სენატის მხარდაჭერის შემდეგ, კანონპროექტს ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. მისი პრესსპიკერის თქმით, ბაიდენი მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერს.
ე.წ. შათდაუნის შემთხვევაში დაიხურებოდა ან მნიშვნელოვნად შემცირდებოდა ისეთი საზოგადოებრივი სერვისები, როგორებიცაა პარკები, საკვებით დახმარების პროგრამები და ფედერალური მთავრობის მიერ დაფინანსებული სკოლამდელი დაწესებულებები. ასევე, შეიზღუდებოდა დახმარებაზე დამოკიდებული ფერმერებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზარალებული ადამიანების დახმარება.
აშშ-ში ე.წ. შათდაუნი უკანასკნელად ტრამპის პირველი ვადის დროს, 2019 წელს მოხდა და 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა, რაც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება იყო.
კანონპროექტი ფედერალური მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 14 მარტამდე გაახანგრძლივებს.