აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა.
"დღეს, სახაზინო ოფისის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტი სანქციებს უწესებს საქართველოს 2 ოფიციალურ პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომლებიც ჩართული არიან მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში, მათ შორის, 2024 წლის დემონსტრაციების მანძილზე. ეს ოფიციალური პირები დასანქცირდებიან [მაგნიტსკის აქტის] ფარგლებში მას შემდეგ, რაც 2024 წლის 16 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2 სხვა ოფიციალურ პირს დაუწესდა სანქციები. ეს გადაწყვეტილება კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც 5 ინდივიდი დაასანქცირა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევაზე". - წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
რელიზში ასევე აღნიშნულია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს, რა აკრძალვებს უწესებს ხაზინის ფინანსური სანქციები გომელაურსა და კეზევაძეს.
"დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოხსენებული [სანქცირებული პირების] ყოველი ქონება ან ქონებრივი ინტერესი, რომლებიც ან აშშ-შია, ან აშშ-ს პირების საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა, დაბლოკილია და ამაზე უნდა ეცნობოს OFAC-ს (Office of Foreign Assets Control). დამატებით, ყოველი სუბიექტი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, მის 50%-ს ან მეტს 1 ან მეტი [სანქცირებული] პირი ფლობს, ასევე დაიბლოკება.
თუ არ არის OFAC-ის მიერ გაცემული ზოგადი ან კონკრეტული ლიცენზიით ავტორიზებული, ან გათავისუფლებული [რეგულაციებისგან], OFAC-ის რეგულაციები ზოგადად კრძალავს აშშ-ს პირების მიერ ან აშშ-ს [ტერიტორიაზე] ყოველ ტრანზაქციას, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ქონებას ან ქონებრივ ინტერესს, რომლებიც [სანქცირებული] პირების საკუთრებაშია. [...]
დამატებით, ფინანსურმა ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ტრანზაქციებსა თუ მოქმედებებში სანქცირებულ ინდივიდებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს ან სააღსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიწოდებას სანქცირებული პირების სასარგებლოდ ან ნებისმიერი სახის დახმარების ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიღებას [სანქცირებული პირებისგან]". - წერია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერბის შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება.
სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.
სანქცირებულთა სრული სია:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე